გახარია-ხაზარაძე: რა ვიცით და ვინ უნდა დაისაჯოს?

აღმოჩნდება თუ არა გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები ე.წ. "მუქარის წერილზე", რა როლი შეასრულა მან შს მინისტრობის დროს და რა როლი შეასრულეს სხვებმა? - შეკითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.

წერილის დედანი და ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 21 ოქტომბერს ჩააბარა გენერალურ პროკურატურას. ჩვენების მისაცემად მზად არის პირი, რომელმაც, ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. მუქარის წერილი მას სწორედ გახარიას სახელით გადასცა. გახარია ყველაფერს უარყოფს.

 
 

რა წერია ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში? არის თუ არა ხაზარაძის ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარია და რა დადასტურდება, თუკი წერილზე აღმოჩნდება ან არ აღმოჩნდება გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები?

 

„მუქარის წერილის“ დედანი და ექსპერტიზის დასკვნა

 

ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე.წ. „მუქარის წერილზე“ (ფურცლის ორივე მხარეს) თითების 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. შედეგის მიღწევა ქიმიური შემოწმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ლონდონიდან ჩამოსულ დასკვნაში ყველა ანაბეჭდი დანომრილია:

  • ანაბეჭდები 1-9 აღმოჩენილია ფურცლის წინა გვერდზე (რომელზეც ტექსტია);

 

  • ანაბეჭდები 10-17 აღმოჩენილია- ფურცლის უკანა გვერდზე (რომელიც ცარიელია).

ვის ეკუთვნის თაბახის ფურცელზე აღმოჩენილი ანაბეჭდები და არის თუ არა მათ შორის გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი?

 

ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, ეს უკვე პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ჯერჯერობით იმის თქმაც შეუძლებელია, რამდენი ადამიანის ნათითურია ამ 17 ანაბეჭდში.

კორძაძის თქმით:

 

  • ლონდონში შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ვის ეკუთვნის ანაბეჭდები (რადგან ბაზები საქართველოშია და ექსპერტიზას ხელი არ მიუწვდება);

 

  • ლონდონში ჩატარდა ექსპერტიზა (ანაბეჭდების ამოღება), რომლის ჩატარების საშუალება არ იყო საქართველოში;

 

  • წერილზე სავარაუდოდ იქნება მამუკა ხაზარაძის თითის ანაბეჭდები (რადგან მას ეჭირა ეს წერილი).

ზვიად კორძაძის თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და ყველაფერი საკმაოდ იოლადაც დაადგინოს.

 

„პროკურატურამ უნდა მოახდინოს (ანაბეჭდების) იდენტიფიცირება. ბაზაში უნდა გაატაროს ანაბეჭდები და შემდეგ, შეიძლება არც თქვას - ვისია, მაგრამ უნდა დაიბაროს ეს პირები და გამოკითხოს... ანაბეჭდი არის ინდივიდუალური, ანაბეჭდი არ მეორდება...

 

შესაბამისად, როდესაც ანაბეჭდები ამოღებულია, შესაბამისი პროგრამა თუ აქვთ - იდენტიფიცირებას სჭირდება ალბათ რამდენიმე საათი... თუ პროგრამა არა აქვთ და აქვთ ბაზა - მაშინ ცოტა მეტი... მაგრამ ეს არ არის რთული. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები“.

 

მამუკა ხაზარაძე პროკურატურას აბსოლუტურად არ ენდობა და მან ეს 21 ოქტომბერსაც გაიმეორა - როცა უწყებაში წერილის დედნისა და ექსპერტიზის დასკვნის ჩასაბარებლედ მივიდა - „ერთი წელი დარჩა ამ პროკურატურას“. თუმცა, მასალების გადაცემა მაინც საჭიროდ ჩათვალა „კანონის შესაბამისი მოქმედებებისთვის“.

„ორი საკითხი იყო: ერთი - სად არის დედანი? და მეორე - ვინ არის შუამავალი? დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“.

პროკურატურას მანამდე წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ წერილის ასლი, რასაც უწყებაში „ფარატინა ფურცელი“ უწოდეს და ის არ ჩათვალეს გამოძიების გაგრძელების საფუძვლად.

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში 21 ოქტომბერს უთხრეს რადიო თავისუფლებას, სამართლებრივი რეაგირება მასალების გაცნობის შემდეგ არის მოსალოდნელი:

 

„მიღებული განცხადებისა და წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. მათ შორის, გამოიკითხებიან ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები“.

 

გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილის მიღების ფაქტი მამუკა ხაზარაძემ თავდაპირველად 2019 წლის 4 მარტს ახსენა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ხაზარაძის თქმით, წერილში ლაპარაკი იყო „რეპუტაციის დანგრევის“ მუქარაზე, თუკი კონკრეტული მოთხოვნები არ შესრულდებოდა.

 

 

 

  • წერილის ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას - „უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)“; 
  • „პირველის“ მფლობელი ოჯახის ორი წევრის - ავთანდილ წერეთლისა და მისი შვილის - ვატო წერეთლის კომპანიები ფიგურირებენ ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში; ავთანდილ წერეთელს გირაო აქვს შეფარდებული;
  • ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი - ვატო წერეთელი „ფულის გათეთრების“ საქმეს სწორედ ტელეკომპანიის ჩახშობის მიმართ ხელისუფლების ინტერესს უკავშირებს.

 

 

იმის დასტურად, რომ მუქარის წერილი ნამდვილად მიიღო, მამუკა ხაზარაძემ ბევრჯერ დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი - როგორც ე.წ. "მუქარის წერილის" ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ფაქტს.

 
 

რა ეხება გიორგი გახარიას?

 

ე.წ. „მუქარის წერილზე“, ასლის მსგავსად, არც დედანშია გიორგი გახარიას ხელმოწერა, ანდა რაიმე ისეთი ნიშანი, რაც უტყუარს გახდიდა ამ წერილის სწორედ გახარიას მიერ გაგზავნას. თუმცა სიმართლის დადგენაში დიდი როლის შესრულება შეუძლია პირს, რომელმაც წერილი მამუკა ხაზარაძეს მიუტანა.

 

  • ჯერჯერობით არ სახელდება, ვინ არის ეს პირი;

 

  • არ დადასტურდა ადრე დასახელებული ვარაუდი, რომ ეს პირი შესაძლოა ბადრი ჯაფარიძე ყოფილიყო;

 

  • ადვოკატი კორძაძე ამბობს, რომ ეს პირი მზად არის შესაბამისი ჩვენება მისცეს გამოძიებას;

 

  • მამუკა ხაზარაძის თქმით, როგორც კი დაიწყება გამოძიება, ეს პირი (ანუ შუამავალი) დასახელდება.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან... მაგრამ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი... მამუკა (ხაზარაძე) ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან...“, - განაცხადა 21 ოქტომბერს ზვიად კორძაძემ.

 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ წერილის მისგან მიღების მიუხედავად, გახარია სულაც არ არის მუქარის ავტორი. პროკურატურაში მისულმა მამუკა ხაზარაძემ, უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო, თავი შეიკავა პასუხისგან შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა?

 

შეცვლის თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ ე.წ. „მუქარის წერილის“ დედნის პროკურატურისთვის გადაცემა რაიმეს და მივა თუ არა პრემიერი პროკურატურაში? ეს შეკითხვები ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას 21 ოქტომბერს დაუსვეს.

 

მისი პასუხი ასეთი იყო:

 

“არ ვიცი უკვე ამას როგორ ვუპასუხო... ისე ვითარდება ეს ყველაფერი... ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები-მეთქი - რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი... ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ”.

 

პრემიერს არ დაუკონკრეტებია: რას აღარ დაელოდება? და რისთვის არის მზად?

 

თუკი გახარიას მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების შინაარსს გავითვალისწინებთ, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ აქ იგულისხმებოდეს ცილისწამებისთვის სამართლებრივი დავის წამოწყება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

 
 

19 ოქტომბერს ის ასევე აცხადებდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის მივიდეს პროკურატურაში, მაგრამ ე.წ. „მუქარის წერილის“ ექსპერტიზასთან და სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული განცხადებებით მას ვერავინ შეუქმნის დისკომფორტს და მოქმედების არეალს ვერ შეუზღუდავს - „აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“.

 

აუცილებლად უნდა დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებას არ უნდა დარჩეს არცერთი შეკითხვა - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

 

„როდესაც ამ პროცესში საუბარია დღეს უკვე პრემიერ-მინისტრზე, რომელიც მანამდე იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის ყველაზე გავლენიანი მინისტრი, საზოგადოებას აქვს სრული უფლება - გაიგოს სიმართლე, ხოლო ხელისუფლებას აქვს - ვალდებულება, დაადგინოს სიმართლე... საზოგადოებამ უნდა იცოდეს მონაწილეობენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირები კანონსაწინააღმდეგო პროცესებში“.

 

სალაძე ამბობს, რომ გამოძიებამ სიღრმისეულად უნდა იმუშავოს და წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდების არსებობის ან არარსებობის დადასტურება საკმარისი არ იქნება:

 

  • "შესაძლოა, გიორგი გახარია საერთოდ არ შეხებია ამ ფურცელს - ტექსტს ვიღაცას კარნახობდა და სხვა ბეჭდავდა";

 

  • "თუკი გიორგი გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდება ამ ფურცელზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ის არის მუქარის ავტორი".

 

 

„მუქარის წერილთან“ დაკავშირებული პროცესები ანაკლიის პორტის პროექტს დაუკავშირა და ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. მან თქვა, რომ ყურადღების გადატანას ცდილობენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსები - „მე მოვუწოდებ, რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო“.

 
 

ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელისუფლებამ ბოლო შანსი წლის ბოლომდე მისცა. კონსორციუმმა ხელისუფლება საბოტაჟში დაადანაშაულა.

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 480 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.