April 25, 2024

ივანიშვილი ვასაძეს, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებსა და პარლამენტში შეყვანას ჰპირდებოდა

“ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შეხვედრის მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო.

 

“რეზონანსის” წყარო ლევან ვასაძის გარემოცვიდან აცხადებს, რომ ივანიშვილი 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავდა და მას ვასაძის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ხოლო სანაცვლოდ კი პარლამენტში მანდატებს დაჰპირდა. ამ ვერსიას გარკვეული თვალსაზრისით ამყარებს თავად ვასაძის განცხადებაც, რომელმაც გასულ შაბათს სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. როგორც ჩვენი წყარო ყვება, ვასაძე მის შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენები იყო. ვასაძის მიერ დასახელებული შეხვედრის დრო - 2019 წლის გაზაფხული - მის გააქტიურებას ემთხვევა, როცა აგრესიული ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მაშინ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აგრესიულ ჯგუფებს ივანიშვილი მართავდა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილი ვასაძეს, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებსა და პარლამენტში შეყვანას ჰპირდებოდა.

 

 

“ივანიშვილთან მისი ფარული შეხვედრისა და შეთანხმების შესახებ ვასაძემ 9 ნოემბერს ვერის ბაღში თავის თანამოაზრეებთან შეხვედრისას განაცხადა. “ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომ ამ ჩვენ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს არ გავასაჯაროებ და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა. მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ. დეპუტატი და მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუ ივანიშვილი და ვასაძე რაღაცაზე შეთანხმდნენ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს “მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგოდ” იყო მიმართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს. ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება, ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია”, -განაცხადა ვოლკსიმ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილსა და ვასაძეს შორის რაიმე ფარული გარიგება მოხდა. “ქართულ ოცნებას” აქვს გარიგება ქართულ საზოგადოებასთან. რა კამპანიაა ორგანიზებული, როცა გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის პარტიის თავმჯდომარე, არის საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, თუ შეხვდა ბიზნესმენს და მედიას, ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს”, - აცხადებს თალაკვაძე. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ვასაძის და ივანიშვილის თანამშრომლობა რომ ხდებოდა და ხდება, ეს მისთვის გასაკვირი და მოულოდნელი ფაქტი არ ყოფილა”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“სანდრო ბარამიძის თქმით, ივანიშვილი რადიკალურ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მათ გამოყენებას მაშინ იწყებს, როდესაც რაღაცის გადაფარვა სურს. მისი აზრით, სავარაუდოდ, მათ შორის შეხვედრა არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. ბარამიძე დადასტურებულად ვერ ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხვით არ გამორიცხავს. მისივე აზრით, შესაძლოა ივანიშვილი ვასაძის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებდეს, რადგანაც მან იცის, რომ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს და კოალიციური მთავრობა დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი გეგმა სწორედ ეს არის, რომ ვასაძესთან და “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად კოალიცია შექმნას. ამით შეეცდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი რადიკალური ჯგუფები შეიყვანოს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

“არ გამოვრიცხავ, რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცით აშანტაჟებდეს. მან თქვა, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა, თუმცა ბოლომდე არ დაასახელა რაზე. ეს მგონია, რომ ვასაძის მხრიდან ივანიშვილის გაფრთხილება იყო და მიანიშნა, რომ პირობის არშესრულების შემთხვევაში უფრო მეტს იტყვის. ჩემი ვერსიაა, რომ მათ შორის მოლაპარაკება არჩევნებს უკავშირდება. სავარაუდოდ, დახმარების სანაცვლოდ ივანიშვილი ვასაძეს პარლამენტში შეყვანას დაჰპირდა. რა პირობა არ შეუსრულა, ეს არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ივანიშვილი 2020 წელს ვასაძის და “პატრიოტთა ალიანსის” დახმარებით აპირებს კოალიციის შექმნას. სხვაგვარად მან იცის, რომ უმრავლესობას ვერ აიღებს და “ოცნებასთან” ამ რადიკალური ჯგუფების გარდა სხვა არვინ ითანამშრომლებს. დააკვირდით როდის აქტიურდება ვასაძე. მას ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს იყენებს. ვასაძე არის პერსონა, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად იყენებს. ახლაც ფილმთან დაკავშირებული აჟიოტაჟით მან საპატრიარქოს ირგვლივ დაწყებული სკანდალების გადაფარვა სცადა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ ვასაძემ რაღაცის თქმა უკვე დაიწყო“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბარამიძე.

 

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის და ვასაძის შეხვედრის ორ სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი შემოდგომისთვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გეგმავდა და ამისთვის ვასაძის დახმარება სჭირდებოდა. თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია და ვასაძეს თუ ეს დაპირება მისცა, რა თქმა უნდა, მას ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვერ შეუსრულებდა. ძაბირაძე ვასაძის და ივანიშვილის შეთანხმების მეორე ვერსიად, სავარაუდოდ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ვარაუდობს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ვასაძეს ივანიშვილი რუსეთში გარკვეულ ჯგუფებთან საკონტაქტოდ იყენებდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ვასაძეს და ივანიშვილს შორის შეთანხმება კონკრეტულად რაზე შეიძლება ყოფილიყო, მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მართალია, ვასაძემ არ დააკონკრეტა რაზე ისაუბრეს, მაგრამ ლოგიკური დასკვნების გამოტანა ნამდვილად შეგვიძლია. ორ ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ. ერთი, რომ არ არის გამორიცხული ვასაძეს ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის მხადაჭერის სანაცვლოდ პარლამენტში შეყვანას დაჰპირდა, თუმცა 20-21 ივნისი მოვლენების გამო, მან შემოდგომისთვის არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილისთვის ვასაძე რუსეთთან საკონტაქტოდ ერთ-ერთი შუამავალი იყოს. ამიტომაც ივანიშვილმა ვასაძეს რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის პირობა დაუდო. ის ვერსია, რომ ივანიშვილს 2020 წლისთვის ვასაძე კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სჭირდება, ლოგიკას მოკლებული არ არის, თუმცა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ვასაძეს ივანიშვილი საერთოდაც აღარ სჭირდება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

 

წაკითხვა 489 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.