ვინ ვერ არჩევს შავს და თეთრს?

როცა გვაწყობს, ხალხი ბრძენია, როცა არ გვაწყობს, ხალხს არ ესმის, რა განსხვავებაა პროპორციულ, შერეულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის.

 

როცა გვაწყობს, ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ვიმეორებთ. როცა არ გვაწყობს, ხალხი ქვევრია, რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო, ვამბობთ...

 

 

ცხადია, ხალხიც ცდება, ხშირ შემთხვევაში ცდება ისე მწარედ, რომ მერე წლებს ანდომებს ამ შეცდომის გამოსწორებას. შესაბამისად, ხალხის სიბრძნეშიც შეიძლება ეჭვის შეტანა, შეიძლება და შეაქვთ კიდეც, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხული იქნება, თუკი ამას ქართველი დეპუტატები გააკეთებენ!

 

 

თუ ხალხი ისეთი სულელია, რომ მარტივ საარჩევნო სისტემაში გარკვევა არ შეუძლია, როგორღა მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას არჩევნების დროს?

 

 

მაშინ ვინ (რა) გამოდიხარ შენ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი?

 

 

ასე რომ, თუკი ვინმეს არ უნდა აწყობდეს ხალხის სიბრძნეში ეჭვის შეტანა, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ უნდა აწყობდეთ!

 

 

მაინც რაში მდგომარეობს პროპორციული, შერეული და მაჟორიტარული არჩევნების ერთმანეთისგან გარჩევის სირთულე?

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორია გვეუბნება, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, როგორც წესი, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან! სხვანაირად რომ ვთქვათ, თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობის შემთხვევაში, მმართველი პარტია, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, ახერხებს ლამის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებას, რის გამოც მანდატების გადანაწილება არ ასახავს პარტიების მხარდაჭერის რეალურ სურათს.

 

 

მაჟორიტარი დეპუტატების ბუნების კარგად გასაგებად გავიხსენოთ 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნები, რომლის შედეგების ნაწილი გაუქმდა და რასაც მალევე მოჰყვა ხელახალი არჩევნები, ოღონდ არა სრულფასოვანი არჩევნები, არამედ არჩევნები მხოლოდ პარტიებს შორის. არჩევნების ტრიუმფატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახალი არჩევნების გარეშე გადაიფორმა ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაჟორიტარები, რითაც მოიპოვა კიდეც საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა 73 მაჟორიტარული ოლქიდან 71-ში გაიმარჯვეს და, შედეგად, 59%-ით მხარდაჭერილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა 150-ადგილიან პარლამენტში.

 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ყველამ ვნახეთ, როგორ გადაპორტირდნენ მაჟორიტარი დეპუტატები ყოფილი მმართველი პარტიიდან მოქმედ მმართველ პარტიაში.

 

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 48%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში (71 მანდატი 73-დან), საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

 

 

არის თუ არა ამომრჩეველთა ნებისა და სურვილების დამახინჯება, როცა ერთი პარტია იღებს ხმების 50%-ზე ნაკლებს, მაგრამ პარლამენტში იკავებს ადგილების 75%-ს?

 

 

საქართველოს პოლიტიკური კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მმართველი პარტია, როგორც წესი, ყოველთვის პირველ ადგილზე გადის, თუმცა ჯამურად ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა უფრო მეტი ხმა მიიღონ. როგორ ცვლის ამ სურათს პროპორციული, შერეული და სუფთა მაჟორიტარული არჩევნები?

 

 

მარტივი თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ ორსუბიექტიანი ყოფითი სიტუაცია: მინდა შევიძინო შავი შოკოლადი, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ შევიძინო თეთრი შოკოლადი. დავუშვათ, მაქვს 60%-იანი თავდაჯერება, „შინაგანი მე“ კი 40%-ით ზემოქმედებს ჩემზე.

 

 

პროპორციულ სისტემაში ყველაფერი მარტივად და ცხადად იქნებოდა: შევიძენდი 6 ფილა შავ და 4 ფილა თეთრ შოკოლადს და ვიქნებოდი სრულ ჰარმონიაში ჩემს შინაგან ხმასთან.

 

 

სუფთა მაჟორიტარულ სისტემაში შევიძენდი მხოლოდ 10 ფილა შავ შოკოლადს, ჩემი შეუსმენელი შინაგანი ხმა კი იქცეოდა მძვინვარე და შურისმაძიებელ აქილევსად, რადგან მაჟორიტარულ სისტემაში მცირედი უპირატესობაც კი აბსოლუტურ გამარჯვებას (მარცხს) ნიშნავს.

 

 

რაც შეეხება შერეულ (პროპორციულ-მაჟორიტარულ) სისტემას: რადგან მექნებოდა 50%-იანი ფორა, იმთავითვე შევიძენდი 5 ფილა შავ შოკოლადს, ხოლო დანარჩენი 5-დან - 60% შავ და 40% თეთრ შოკოლადს, ანუ სულ მექნებოდა 8 ფილა შავი და 2 ფილა თეთრი შოკოლადი, რაც ასევე ამიჯანყებდა შინაგან მეს.

 

 

მართლა დაუჯერებელია, რომ დეპუტატებს გულწრფელად სჯერათ, რომ ვინმე (ხალხი) შეიძლება ვერ არჩევდეს საარჩევნო სისტემების ავ-კარგს.

 

 

იქნებ თვითონ დეპუტატებს უჭირთ არჩევნის გაკეთება ხალხსა და თავიანთ სარგებელს შორის? ანდა, შესაძლოა, თვითონ არ ჰყოფნით ცოდნა და უნარები ავისა და კარგის გასარჩევად? თუ მართლა ასეა, მაშინ შოკოლადი მაინც მიირთვან კანონპროექტებზე მუშაობის დროს!

 

 

მოგეხსენებათ, შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უხდება ტვინს.

 

 

შავი თუ თეთრი?

 

 

ბატონ ბიძინას ნუ დაუჯერებენ, თვითონ გადაწყვიტონ თავიანთ შინაგან ხმასთან ერთად...

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 465 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.