"ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილებები ზუსტად იმ პრინციპის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს თვითონ ითხოვს"

„პრაქტიკულად 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვინც დღეს ასე კატეგორიულად ითხოვს პროპორციულ სისტემას ფაქტობრივად, ისეთი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში, რომ პროპორციული სისტემის როლი დააკნინეს და გაზარდეს მაჟორიტარული კომპონენტის მნიშვნელობა და რაოდენობა.

ამას შემდეგ მოჰყვება 2010 წელი, სადაც იგივე ხალხმა, კონსტიტუცია ისევ შეცვალა, აი ამ პრინციპების და ღირებულებების საწინააღმდეგოდ. ისე გადააკეთეს კონსტიტუცია, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა დაწერა, რომ ეს კონსტიტუცია დამახინჯებულია იმგვარად, რომ არც შტოთა შორის ბალანსი, არც მმართველობის მოდელი, არც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ფუნქციების განაწილება, არც ევროპულ, არც ამერიკულ, არც ინგლისურ სისტემას არ შეესაბამებოდა. ამის მერე, 2017-2018 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო რეფორმა დააყენა, იგივე ძალები უკვე ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ ხალხმა ბოიკოტი გამოუცხადა და რეალურად, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რომ ვერ მოხერხდა ეს იყო მათი პასუხისმგებლობაც და მაშინ სწორედ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა გადავიდოდა 2024 წელს. დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ" და არც ერთ სხვა ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალას ეს არ გაუკეთებია ადრე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედში, გადაცემაში „კვირის თემა" განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს შეახსენა, რომ:

 

„ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმა გავაკეთეთ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რომელიმე წინა პარლამენტს და წინა პოლიტიკურ ძალას, რომ მიეღო ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, დღეს პროპორციული არჩევნები გვექნებოდა. მაგრამ ეს არავის გაუკეთებია. ძალიან კარგად იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა დანაყოფებმა, რომ 2012 წლის არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" ეს პოლიტიკური ძალა შეცვალა ზუსტად შერეული მოდელით, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები მუშაობდა ერთობლივად, თანაც 2012 წელს, მაშინ, როდესაც მედია და მართლმსაჯულება იყო მონოპოლიზებული, კერძო სექტორი იყო ფაქტობრივად ტერორის ქვეშ, პარტიების საქმიანობა იყო უკიდურესად შეზღუდული, სახელმწიფო ინსტიტუტები პირდაპირ ჩარეული იყო არჩევნებში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ - ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჩვენმა ინიციატივამ პროპორციულ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, ვერ მოაგროვა საკმარისი ხმები. მიუხედავად იმისა, რომ მეც მაჟორიტარი ვარ, მე ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ, ნებისმიერ დემოკრატიაში, ასეთ პოლიტიკურ ინიციატივაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის პარლამენტი. პოლიტიკური ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში საბოლოო გადაწყვეტილებას ამაზე იღებს პარლამენტი და როცა პარლამენტი დაამტკიცებს რამეს, ან არ დაამტკიცებს, მხოლოდ მაშინ დგება გადაწყვეტილება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წაკითხვა 460 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.