“რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

"ის, რომ თავის ჭკუაში ხალხს აჩვენებენ, თითქოს აი, არის ხალხი, ვინც მთლიანად მაჟორიტარულ არჩევნებს ითხოვს - ეს სპექტაკლია.

არ არის გამორიცხული რომ ჩამოიარონ, აკრიფონ მოსახლეობაში მომხრეები, ფული გადაუხადონ და უთხრან მაჟორიტარული მოითხოვეთო”, - აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოცნების” საქციელი სააკაშვილის დაბრუნების შანსებს ზრდის / თორნიკე შარაშენიძე: “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

 

“ეს ქაოსი უკვე ხელისუფლების აგონიაა - ოპოზიცია არ დათმობს არაფერს - ბოლო 7 წლის განმავლობაში ოპოზიციას, ნაცმოძრაობას, პირველად აქვს მორალური უპირატესობა “ოცნებასთან” შედარებით. შესაბამისად, ამ მომენტს ოპოზიცია არ დათმობს, ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. “ოცნება" შეეცდება ხან მაჟორიტარულის შემოგდებით, ხან “ტიტუშკების” მობილიზებით სიტუაცია გაანეიტრალოს. “ოცნება” წაგებულ თამაშს თამაშობს. მისთვის უარესია ასეთი არჩევანის წინაშე დაყენება - ან ყველაფერი ან არაფერი, რადგან შერეული სისტემით სწორედ ან ყველაფერი ან არაფერს თამაშობს. ორი ვარიანტია - ან მიაღწევენ შერეულს, ან ისე საშინლად წააგებენ, რომ ისევ სააკაშვილი დაბრუნდება და მერე ძალიან ცუდად წაუვათ საქმე - როცა თავად აყენებენ ასეთ არჩევანს - ან ყველაფერი ან არაფერი, ეს თავად მათთვისაა ძალიან სარისკო. მით უმეტეს ასეთი წარუმატებელი მთავრობა რომ ხარ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

 

“რაც შეეხება უმრავლესობის ნელ-ნელა დატოვებას დეპუტატების მიერ - ამ ხალხს თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო, ხვდებიან, რომ წაგებულ საქმეში არიან და გაიქცნენ. რის იმედზე აპირებს “ოცნება” ქვეყნის მართვას 2020-2024 წლებში? ლეგიტიმაცია სერიოზულად შერყეულია, ნდობა დაკარგულია. რა უნდათ ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?! ამათზე უფრო წარმატებული და ეფექტური იყო წინა მთავრობა, გაკეთებული მაინც დატოვეს რაღაც, მაგრამ ვერ დარჩნენ მესამე ვადით და სამარცხვინოდ წავიდნენ. ასე რომ, ჩნდება კითხვა - რის ხარჯზე აპირებენ დარჩენას?” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მათი დარჩენის ცივილიზებული ფორმა იქნებოდა კოალიციაში თუ შევიდოდნენ ვინმესთან, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი არ უნდათ. კონტრაქციების მოწყობა საქმეს არ შველის. საერთოდ, პოლიტიკურ მეცნიერებაში არის ასეთი კანონი - თუ არჩევნები ტარდება მაჟორიტარული სისტემით, მაშინ რჩება მარტო ორი პარტია, ორი პოლიტიკური ძალა, ანუ რეალურად თვითონ ზრდიან მიშას დაბრუნების შანსს... თუ გინდა რომ იყოს მრავაფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, მაშინ უნდა იყოს პროპორციული. ამათ თვითონ მიჰყავთ ყველაფერი იქითკენ, რომ იყოს ორი ძალა. იმის იმედით, რომ მიშას შიშით ხალხი ისევ ბიძინას მისცემს ხმას...”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.

წაკითხვა 502 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.