“ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის”

“რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები. ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება. როგორც 90-იანი წლების დამდეგის მძიმე მოვლენების მომსწრე, გეტყვით, რომ ჩემმა თაობამ ეს უკვე გაიარა. იმას, რაც მოხდა 1991 წლის 2 სექტემბერს, როდესაც პირველად დაიღვარა სისხლი ქართველებს შორის, სისხლის მდინარეები მოჰყვა. ის ჭრილობები დღესაც არა აქვს ქვეყანას მოშუშებული”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის” / “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

 

 

“აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტელიტის შეცდომების ბრალი იყო, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, გარე მტრის ხელიც ერია. დღესაც ამ პროცესებში ქართველები ჩანან წინა პლანზე, მაგრამ ამის უკან იმდენი ძალაა თავმოყრილი, იმდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს... ოპოზიციამ პროტესტი უნდა გამოთქვას, მაგრამ უკვე პროტესტშიც აღარ არის საქმე, ლაპარაკია ორმხრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ და კვლავაც უშვებენ. სამწუხაროდ, სურათი ასეთია და ამისი გამოსწორების პერსპექტივა ამწუთას არ ჩანს... ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა - ნახა, რომ აქციებზე ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავს და სხვადასხვა ადგილას გადაწყვიტა აქციების ჩატარება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონებშიც გააქტიურდება დაპირისპირება. ქუთაისში დანთებული პატარა ცეცხლი ყველა რეგიონს რომ გადასწვდეს, წარმოიდგინეთ, რამხელა ხანძარი აგიზგიზდება. ეს ძალიან სახიფათოა, მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ საფრთხილო რეგიონები გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

 

“რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდებოდა არჩევნებამდე სხვა მიზეზით. საქმე ის არის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანია, ქვეყანაში არეულობა იყოს და ამ ქაოსით მივიდეთ არჩევნებამდე. ეს მათი სტრატეგიული გათვლაა, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სხვა მეთოდით ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”, მთელი მათი რესურსის გათვალისწინებით, ვერ დაამარცხებენ. სწორედ ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლების გადამწყვეტი შეცდომა კოაბიტაცია იყო. ერთმა შეცდომამ სხვა - მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. განაპირობა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატთა შორის ბევრი ვერ მოხვდებოდა და ეს პრობლემაც მოიხსნებოდა; არც იმ ადამიანების ნაწილი დადგებოდა რუსთაველზე, ვისაც დღეს ვხედავთ, რადგან პატიმრობის მოხდა მოუწევდათ; ასევე არ გვეყოლებოდა უამრავი პორტირებული პირი მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ. ეს ყველაფერი სხვანაირ შედეგს მოიტანდა და ქვეყანა განვითარდებოდა. შეიძლება მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური გარღვევა არ ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება კვლავაც ღირსებაშელახულად არ იგრძნობდა თავს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 

“კარგად ვხვდებით, “ნაციონალური მოძრაობა” ამ ვითარებაში როგორ მოიქცეოდა - ხვალვე დაარბევდა აქციებს, ყველას მიწასთან გაასწორებდა და ზეგ დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს ისეთი ფორმატით, როგორიც მოუნდებოდა, და მიიღებდა იმ შედეგს, რაც გაუხარდებოდა. “ქართული ოცნება~ ამას არ აკეთებს. მას სხვა ტიპის ტაქტიკა აქვს, მაგრამ. თუ ხელისუფლება ქვეყანას ქაოსისკენ წაიყვანს, ეს ნაკლები უბედურება ნამდვილად არ იქნება. დიახ, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ბრალია, ის არის პასუხისმგებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ცამდე მართალია. “ნაციონალური მოძრაობის~ მოქმედებები გამიზნულია პროვოკაციაზე, ოღონდ კი ვინმე წამოაგონ და, რას აღარ აკეთებენ. მაგალითად, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს შეუძლია ერთ დღეს ჟურნალისტებს აგინოს, მეორე დღეს ბოდიში მოიხადოს, შეუძლია კამერის წინ პოლიციელს ჩაარტყას, მეორე დღეს კი მოუწოდოს, გვერდით დაგვიდექითო. ეს პოლიტიკური ცინიზმი “ნაციონალური მოძრაობის” დამახასიათებელია, ანუ მუდმივი აპელაცია ხალხზე და მერე ამ ხალხის დიდი ნაწილის ციხეებში ჩაყრა და წამება. შესაძლოა გვარამიას განცხადება “ფეისბუკში”, რომელშიც ლაპარაკია ხელისუფლების დამხობაზე იმის მოსინჯვაც იყო, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, რა ნაწილს მოეწონებოდა მისი იდეა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“რაც შეეხება “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ურთიერთობას, ისინი ერთმანეთს აცოცხლებენ და ეს უკვე მექანიკურ ფაზაში გადავიდა - თუ ადრე მათი თანაცხოვრება გარკვეულწილად ხელოვნური იყო და ამაში კოაბიტაცია ეხმარებოდათ, დღეს უკვე მოვლენები თავისით ვითარდება. ჩემი აზრით, ახლა ბრძოლა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც ყველა ხერხი მისაღებია, მაგრამ რადგან ამ პროცესებს აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდებიან ისინი, ვისაც ანგარიშს უწევენ მხარეები, ამიტომ მეტ-ნაკლებად ფრთხილობენ. სხვა შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედება გაცილებით რადიკალური იქნებოდა. თუ ჰგონიათ, საქმეში ჩახედულ პირებს არა აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის მზადება მიდის ოპოზიციაში ქუჩაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისთვის თუ ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან ცდებიან. საქართველო პატარა ქვეყანაა - იციან, ვინ რას ლაპარაკობს, როგორ იქცევა, რა ტიპის შეკრებებს აწყობს. ასე რომ, ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედულისთვის, ცხადია, რომ ოპოზიცია ექსტრემალური ვითარების შექმნას მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერს აკეთებს, როგორმე ასწიოს დუღილის ტემპერატურა, რათა შემდგომ ამაში ჩართოს ის ხალხი, ვინც კვლავაც მუშაობს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

 

“ხელისუფლების შეცდომები, მეტიც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა ისინი, ვისთვისაც მთავარია ძალაუფლება, მეეჭვება, ამაზე ფიქრობდნენ. ახლა მიდის ბრძოლა სწორედ ძალაუფლებისთვის და არა საქართველოსთვის. მინდა საზოგადოებამ ეს კარგად გაიგოს. დღევანდელ აქციებზე ფიზიკური დაპირისპირება გახშირდა და ჩვენ არ ვიცით, ერთ მშვენიერ დღეს როგორ დასრულდება. საზოგადოებაში აგრესია საკმაოდ დიდია, დუღილის ტემპერატურაც მატულობს, რასაც მედიაც ხელს უწყობს, განსაკუთრებით სატელევიზიო”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “მაჟორიტარები, რომლებსაც დაჰბრალდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიან - ჯერ იყო და, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ და ხელმოწერებს აგროვებდნენ, ახლა ორპალატიანი პარლამენტის იდეით გამოდიან...” - პასუხობს:

 

 

“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, რაც მოხდა, ივანიშვილთან შეთანხმებით დადგმული სპექტაკლი იყო. ჰოდა, ბევრისთვის ისე ჩანს, რომ ამ ინიციატივებით ისინი სპექტაკლს აგრძელებენ. საზოგადოებას ასე სჯერა და მას ძნელად გადაარწმუნებენ. არის მეორე მხარეც - ის, რომ არსებობდა პროპორციული სისტემის გამო მაჟორიტარების უკმაყოფილება. საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებამდე ცოტა ხნით ადრე პირადად ვესაუბრე რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს (მათ შორის არ ყოფილა კახა ოქრიაშვილი), რომლებიც ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში აღარ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს, რადგან თავდაპირველად რომ დავთანხმდით, დაგვპირდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ჩვენს ჩასმაზე იფიქრებდნენ, ახლა კი აღარაფერს გვპირდებიან და ქუჩაში ვრჩებითო. ეს განწყობა არსებობდა, ამიტომაც მთლად ივანიშვილის მოფიქრებულიც არა მგონია ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იცოდნენ მაჟორიტარების განწყობა და მათი დემარშის პროვოცირება მოახდინეს”.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 429 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.