„ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან”

“მმართველი გუნდი ოპოზიციის ახალ შემოთავაზებას, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მრავალმანდატიანით შეიცვალოს, დიდი ალბათობით დათანხმდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ, ეს თანხმობა არ უკავშირდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

მხარეთა შორის დიალოგის დაწყება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იქნა მიღწეული. შედეგად კი „ხელისუფლება და ოპოზიცია ამ დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პოზიციების დაახლოება” - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შანსი ჩნდება

 

"9 დეკემბრის საპარლამენტო უმრავლესობის მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების" ლიდერებმა სამ მთავარ საკითხზე იმსჯელეს. როგორც უმრავლესობის ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი შეეხებოდა მრავალმანდატიან ოლქებს, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას. უმრავლესობის რიგებში მსჯელობა და დისკუსია გაგრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი დაახლოებით 2-3 დღეში გახდება ცნობილი. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის „მოხდა პოზიციების დაახლოება." საუბარი ასევე შეეხებოდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით ე.წ. ამერიკული მოდელით უნდა ჩატარდეს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი შეთანხმების შემდეგ „დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები ამ შეთანხმების შემდეგ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს. „დღეს გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს," - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს და ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე. „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციები დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, მითუმეტეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები, არიან ჩართული ამ პროცესში, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ამ დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან. "პირველივე შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციის წარდგენილი შეთავაზება განიხილოს. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი გადაგზავნილია ეუთოში და იქ მოხდება მისი შეფასება, რამდენად არის თანხვედრაში მოცემული დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციასთან," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ასევე საერთაშორისო პარტნიორების როლსა და ჩართულობაზე საუბრობს, რომელმაც მნიშვენლოვანი გარდატეხა მოახდინა, რომ მხარეებს შორის დიალოგი დაწყებულიყო. „ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვენელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომელთაც სურთ, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მოლაპარაკების უნარი დაინახონ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეში. უკან დახევაც მათი პოზიციის გათვალისწინებით მოხდა და არა საპროტესტო აქციების შიშით, რადგან ამ აქციებს ის მასშტაბი არ აქვს, რომ ხელისუფლებისთვის საშიში მდგომარეობა შექმნას," - ამბობს საყვარელიძე. ხელისუფლება „გერმანულ მოდელზე" გადასვლის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსიტიტუციას ეწინააღმდეგება. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ მათი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ბოკერიას თქმით, ამ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა”, - დასძენს გამოცემა.

 

"რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ახალ შემოთავაზება, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღების შესახებ, დადი ალბათობით თანხმდება: „ისიც გამიკვირდა როგორ გადაათამაშა (ხელისუფლებამ) და ძველი სისტემა დააბრუნა, როდესაც ახალი სისტემა თავისივე ინიციატივა იყო. არ მესმის ლოგიკა და რადგან ლოგიკაზე დაფუძნებული არ არის ეს პროცესი, შეიძლება მეტ-ნაკლებად, შემთხვევით მოსაზრებაზე იყოს დამოკიდებული, ამის პროგნოზი ძნელია. ოპოზიციისთვის ეს შემოთავაზება მომგებიანია მანდატების რაოდენობის მხრივ. თუ ჩავთვლით, რომ მიზანი უმრავლესობის აღებაა პარლამენტში, ამ მხრივ ოპოზიციას პერსპექტივა არ აქვს და საპარლამენტო უმრავლესობას ისევ „ქართული ოცნება" დაიკავებს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი უკან დახევა დემონსტრირებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება" გარკვეულ დათმობებზე მიდის. „რატომ ითხოვს ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებს, გასაგებია; ასეთ ოლქებში ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე ზეგავლენა, როგორც ფინანსური, ასევე სახელმწიფო რესურსებით, მცირდება. "ამ შემთხვევაში, უფრო ადვილია ერთმანდატიან ოლქებში რესურსების გამოყენება, რადგან უფრო დიდ ეფექტს იძლევა, ვიდრე მრავალმანდატიან ოლქებში. გასაგებია, რომ ხელისუფლება მაშინვე არ დათანხმდა, რადგან იქ მიდის მსჯელობა. მშვენივრად ხვდებიან, ოპოზიცია ხელისუფლებას რატომ სთავაზობს ასეთ მოდელს”, - წერს გამოცემა.

 

"ხელისუფლება თუ ამაზე დათანხმდება, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნისთვის სათქმელი ექნება, რომ რაღაცებს დათანხმდა, რაღაცას არა. ამით სურს თქვას, რომ გარკვეულ კომპრომისზე წავიდა. „თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლება მაინც ცდილობს გარკვეულწილად დრო გაწელოს და ამ კამათში შევიდეს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დასკვნა „ეს არ შეესაბამება კონსტიტუციას" არ იქნება, მაგრამ ეცდება, რომ ამ ჭრილში წაიყვანოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს უწევს ანგარიშს. თუ ამას დათანხმება, „გერმანულ მოდელზე" არ დათანხმდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საგნის განხილვაზე," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. რამდენად რეალურია, რომ თავად „ქართულ ოცნებაში" ამ საკითხს მორიგი დაპირისპირების ტალღა მოჰყვეს, რადგან უმრავლესობაში მაჟორიტარ დეპუტატთა გარკვეული ნაწილი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა? - ვახტანგ ძაბირაძე ამ თემის წინ წამოწევას ტყუილს უწოდებს. „სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა „ბლეფია," რადგან ოპოზიცია ითხოვს პროპორციულს, ამის საპირისპიროდ დაიწყო მოძრაობა. 113 ხმა მას შემდეგ აღარ აქვთ, რაც დეპუტატების ჯგუფი გამოეყოთ. თუ თემის აქტუალიზაცია არ მოხდება, სრულად მაჟორიტარული მოთხოვნის ხალისი „ქართულ ოცნებას" ძალიან მალე გაუქრება. ეს იქცევა არ უნდა იქცეს მედიასა და ოპოზიციაში," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ თემის გამო, მმართველმა გუნდმა შესაძლოა მაჟორიტარ დეპუტატებზე პოლიტიკური კონტროლი დაკარგოს. „მაჟორიტარების „ქართული ოცნების" კონტროლიდან გასვლის შანსი არის. ეს „ოცნებისთვის" შეიძლება მნიშველოვანი დარტყმა აღმოჩნდეს. მაჟორიტარებმა აღნიშნეს კიდევაც, რომ ადრე შეჰპირდნენ სიაში ჩასმას, ამიტომ დათანხმდნენ პროპორციულს. გადადგების პროცესისთვის „ოცნების" შიგნითაც მიმდინაროებს დაპირისპირება. მაჟორიტარების რეაქცია გადაგდებაზეა,ისევე როგორც ოპოზიციის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 571 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.