„ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“

“ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო. ანაკლიის განვითარების პროექტში ჩადებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არის ინვესტორიც, რომელსაც პროექტი უნდა დაემთავრებინა. დღეს მე კონსორციუმის სახელით დეტალებსა და სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ. კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებიც პროექტში მონაწილე თითოეული ინვესტორის ინტერესებს დაიცავენ. ინვესტორები არიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან, უზბეკეთიდან. მათ სარისკო ზონაში, საოკუპაციო ზონიდან 4 კილომეტრში, პროექტში ჩადეს ფული”, - აცხადებს “თიბისი ბანკისა” და პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: „ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“ / “ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა”.

 

“პროექტის განხორციელებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს. ისინი დიდი ხანია ფარულად იბრძვიან პროექტის ჩაგდებისთვის. ვთქვათ, კონსორციუმმა არ ამოიღო ხმა, ხვალ რომ ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ის არ იკითხავს, წინა ინვესტორმა რატომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდეო? ვინმეს ჰგონია, რომ ბანკები თავიანთ მოთხოვნებს შეცვლიან? პრობლემა, რის გამოც პროექტი შეფერხდა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოთხი ბანკი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი­ (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის მსგავს პროექტებს აფინანსებენ, ახლაც მოითხოვენ ფინანსურ გარანტიას. ლაპარაკია 50 მილიონის გარანტიაზე, რომელიც გამოყენების შემთხვევაში სესხად დაკონვერტირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისევ ვამბობთ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადახედოს საკითხს და შეთანხმდეს ამ ბანკებთან. თავად განსაჯეთ, როდესაც ხელისუფლება სწორედ ამ ბანკებთან სხვა უამრავ პროექტზე მუშაობს, მაინცდამაინც ანაკლიის პროექტზე რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხისტი პოზიცია და რატომ ავრცელებს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ვინმეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა პროექტის განხორციელება?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

 

“ასევე ტყუილია რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში, სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა. ხელისუფლება გვაყვედრის, რომ ვალდებულების შესრულება გადაგვივადა, მაგრამ ამასობაში უარს ამბობს ყველაზე მთავარ საქმეზე - ბანკებისთვის ფინანსური გარანტიების მიცემაზე, იმისდა მიუხედავად, რომ პროექტი სარისკო ზონაშია. ამას მოგვიანებით ისიც დაემატა, რომ ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე დაიწყო აღვირახსნილი შეტევა, ბრალად დაგვდეს ფულის გათეთრება. ამ თემაზე პროკურატურამ ბრიფინგებიც გამართა. მედიაში თავს გვესხმიან, საინფორმაციო გადაცემებსა და საგაზეთო სტატიებში ხელისუფლების წარმომადგენლები ათასგვარ ცილს გვწამებენ. ეს ყველაფერი რა არის, თუ არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად დაგეგმილი სპეცოპერაცია? რა არის მმართველი გუნდის ასეთი ქცევის მიზეზი - გეოპოლიტიკური ინტერესები, რუსული საფრთხე, პირადი შურისძიება თუ ყველაფერი ერთად, ამას დრო გვაჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“ისინი ჩვენ პიროვნულად გვებრძვიან. ეს ხომ “თიბისი ბანკის” მაგალითითაც გამოჩნდა? როგორც კი მე და ბადრი გავედით “თიბისი ბანკიდან”, მაშინვე დაანებეს თავი. ხელისუფლებამ არჩევნის წინაშე დაგვაყენა - ან უნდა დაგვენგრია საქმე, რომელსაც 29 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ან უნდა გავცლოდით. ჩვენ გავეცალეთ. თუ გახსოვთ, პარლამენტის სხდომაზე მე ისიც ვთქვი, კაცურად მითხარით, რომ ჩემთან გაქვთ პრობლემა, ანაკლიას ნუ გადააყოლებთ პირად დაპირისპირებას, ანაკლია უნდა აშენდეს, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია-მეთქი. ძალიან მალე ყველაფერი გამოჩნდება. მე ის ვიცი, რომ ანაკლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ მისი განხორციელებისთვის, თუნდაც პირადად მე ზიანი მომადგეს. ანაკლიის პროექტში უკვე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი, ევროპული და ამერიკული ფული. უკვე გაკეთებულია უზარმაზარი საქმე. 400 მილიონზე ხელი აქვს მოწერილი ოთხ ბანკს, ჩვენი ქვეყნის დონორებს. პროექტის ოპერატორია ამერიკ­ული კომპანია SSA Marine, რომელიც 25 წლის განმავლობაში პორტის მმართველი იქნება. როცა პორტი აშენდება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება აქციონერი, რადგან მმართველი ამერიკული კომპანია იქნება”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “რაც შეეხება თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. როგორც ცნობილია, თქვენ პროკურატურა ფულის გათეთრებას გედავებოდათ, ამჯერად ლაპარაკია ინტერესთა კონფლიქტზე. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან რა კავშირშია?” - პასუხობს:

 

 

“ფულის გათეთრება ხდება არალეგალური გზებით, როდესაც ბანკში იარაღისა და ნარკობიზნესის ან ტრეფიკინგით ნაშოვნი შავი ფული შემოდის. პროკურატურამ ბოლო სასამართლო პროცესზე სამი მოწმე მოიყვანა - ეროვნული ბანკისა და სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ 2008 წელს ბანკმა დაუშვა შეცდომა, ანუ იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ბანკს ჯარიმა უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს თემა დამთავრებულია, ახლა სასამართლოში მიდის სამეურნეო საქმის გარჩევა, რომელიც ერთხელ უკვე გაარჩიეს. რაც შეეხება ფულის გათეთრებას, უკვე რამდენიმე პროცესია, რაც ეს ტერმინი პროკურატურისგან აღარც გამიგონია”...

 

 

“საქართველოს ისტორიაში თუ გინახავთ სხვა მაგალითი, ეროვნულ ბანკს 11 წლის წინანდელი საქმე შეემოწმებინოს, მერე პროკურატურას გამოძიება დაეწყოს და ბოლოს სასამართლოს ამ საქმის მოსმენები ყოველ მეორე დღეს დაენიშნოს? მით უმეტეს მაშინ, როდესაც უამრავი გამოუძიებელი საქმე აქვთ? სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ცდილობს დაგვაკავოს პროცესებზე სიარულით, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ მოგვეცეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ყოველი­ პროცესის წინ გვექნება სპეციალური პერფორმანსი, გავმართავთ ბრიფინგსა და პრესკონფერენციას, რათა მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, ინფორმაცია მივაწ­ოდოთ. იმ მცირე შუალედებში, რაც სასამართლო პროცესებს შორის გამოგვიჩნდება, რეგიონებში შევხვდებით ამომრჩეველს. ასეთ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს ხელისუფლება, მაგრამ იცოდნენ, რომ მაინც მოვუგებთ, მაგათი საქმე მაინც წასულია, აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას. ხალხი არ აპატიებს, რომ ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანეს”, - დაასკვნის მამუკა ხაზარაძე.

წაკითხვა 443 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.