March 28, 2024

“ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს”

“ქვეყანაში პოლარიზაცია ძლიერდება. საკითხავია, ვის აწყობს პოლარიზაცია?! რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებას” - ხელისუფლება ჩასვრილია და არ უნდა ყურადღება მძიმე რეალობაზე იყოს გადატანილი... ისე ამათი გამკვირვებია - იმ რესტორანთან რომ მართავენ აქციას, სადაც მერაბიშვილი იმყოფება, მისგან რას მოითხოვენ - თვითონ გამოაცხადოს, სხვა ბევრი დანაშაულიც ჩავიდინე და ციხეში მიმაბრუნეთო?! მერაბიშვილს რომ ყველაფერზე პასუხი არ უგია, ამას ვეთანხმები, მაგრამ ვერ გამიგია ამ პროტესტის არსი. მისი გამოსვლა რომ ვიღაცას გაუხარდა ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის ლიდერი მისგან არ გამოვა. ლიდერი არა ტოროლა... თუ პროტესტის გამოხატვაა, ბარემ ივანიშვილი შუშის სასახლესთან მივიდნენ!” - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი გოგი წულაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გოგი წულაია: “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს” / “2011 წლის 26 მაისს, მიტინგის დარბევისას ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირა თავი არ მეტეოდა”.

 

“ისე, რა გვჭირს ამისთანა, რომ ლიდერისა და ბელადების გარეშე არ შეგვიძლია. 21 საუკუნეა, ყველა ადამიანი თანასწორია. რას ჰქვია ლიდერი, ან პოლიტიკოსისი გაკერპება და შეყვარება რა უბედურებაა? პოლიტიკოსი შეიძლება მოგწონდეს და მას ენდობოდე ან არ მოგწონდეს და არ ენდობოდე, სიყვარულით კი ოჯახის წევრების, ახლობლები, მეგობრები, ქალაქი, სოფელი, ბუნება უნდა გიყვარდეს... რაც შეეხება ჩემს დაჯარიმებას - ქუთაისში იმ თოვლიან დღეს ჯერ გაზი გაითიშა, მერე დენი. ამაზე უარესი პურის გაქრობა იყო - ხალხი უსმენდა ინფორმაციას იმაზე, რომ პურის ქარხნებს გაზის მიწოდება შეუწყდათ, ჩაცვივდნენ პანიკაში, დაიწყეს პურის მომარაგება - ხელისუფლება ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა - იმის მაგივრად გამოსულიყვნენ, უთავბოლობით ხალხი უფრო ააღელვეს... საქალაქო სასამართლომ დამაჯარიმა, რასაც სააპელაციო სასამართლოში ვასაჩირებ!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი წულაია.

 

 

“გეტყვით ვისი და რისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას” - ეგენი ფსონს თავიანთ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე დებენ. მერიების, სსიპების, აიპების, სამინისტროების, დეპარტამენტების მეტი რა არის! იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. ქუთაისის საბიუჯეტ0 ორგანიზაციებში საშტატო დოღია გახსნილი. ხელშეკრულებით ახლებსაც იღებენ, ამით ხელისუფლება საარჩევნო ხმებს იმატებს - ამათ ხელფასებზე ბიუჯეტის ფული იხარჯება, ხმები კი “ოქნებას” უნდა მიუვიდეს. მოსახლეობის დიდი რაოდენობა რომ ნიჰილიზმშია, ხელისუფლება სწორედ ამის იმედაა,ჰგონია იმედგაცრუებულები არჩევნებზე არ მივლენ და არჩევნებზე ოპოზიციას დაამარცხებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“თავისუფალ საქართველოს” სხვა ოპოზიციასთან მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს. ხალხი რომ ნაკლებად გამოვიდა ოპოზიციის მიტინგებზე, ამას თავისი მიზეზები აქვს. ნათქვამია, შეშინებული ძაღლი 9 წელი მთვარეს უყეფდაო. ხალხს შიში და გულგატეხილობა სააკაშვილის დროიდან მოჰყვება. უკმაყოფილო ბევრია, მაგრამ უკმაყოფილებას გარეთ ცოტა თუ გამოხატავს. ადამიანები ინერტულები გახდნენ... ოპოზიცია რომ ერთად დგას, ხალხი ამას სხვადასხვანაირად ხვდება - ერთი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ სხვები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დადგნენ. მეორე ნაწილი ხვდება, რომ ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთპიროვნული მმართველობა ჩაიბაროს და მთავრობა დააკომპლექტოს იმ პარტიამ, რომელსაც მოსახლეობის სულ რაღაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღევანდელი საშინელი და უსამართლო სისტემა ამის საშუალებას იძლევა. “ქართული იცნება” კი, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად ნაცებს აბრუნებს”, - მიიჩნევს გოგი წულაია და შეკითხვაზე - “ნაციონალურ მოძრაობას” ამის შანსი აქვს?” - პასუხობს:

 

 

“საუბედუროდ, აქვს. ამას ხელისუფლება ხელს უწყობს - პოლარიზაციას ახდენს, თან სისტემას არ ცვლის - ეს ძალიან სარისკოა. რა გამოდის? “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს! თვითონ “ოცნებაში” ფულის კეთებაზე არიან გადასული და ამის გარდა არაფერი აღელვებთ. ჩვენ ხელისუფლებაში არც “ოცნება” გვინდა და არც “ნაციონალური მოძრაობა!” 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის დროს ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირის განმავლობაში თავი არ მეტეოდა. მე ნაცების დაბრუნება როგორ უნდა მინდოდეს... ჩვენი მოთხოვნაა - ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ყველამ მიიღოს იმ რაოდენობის მანდატი, რამდენი ხმაც აიღო”

წაკითხვა 481 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.