March 28, 2024

შეძლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუკი არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა

“2020 საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა იმით იყოს საქართველოში აქამდე ჩატარებული არჩევნებისაგან გამორჩეული, რომ ადგილების უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღოს. ბოლო პერიოდის პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიური კვლევა ამაზე მიანიშნებს და ექსპერტთა ნაწილი უმრავლეოსობასაც ეს სცენარი რეალურად მიაჩნიათ. საინტერესო კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში უკვე იყო - 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებისას - და მაშინ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, საბოლოოდ ძალაუფლება არჩევნებზე მე-2 ადგილზე გასულმა პარტიას - “ნაციონალურმა მოძრაობას” ერგო, რომელმაც სრული კონტროლი დაამყარა დედაქალაქის საკრებულოზე. რამდენად შესაძლებელია, რომ 2020 წელს იგივე რამ საქართველოს პარლამენტში განმეორდეს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეძლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუკი არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა / ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა - 2002 წელს თბილისის საკრებულოს არჩევნებზე.

 

 

“2002 წელს თბილისის 49-კაციანი საკრებულოს არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. პირველი ადგილი ხმების 26%-ით ლეიბორისტებმა დაიკავეს. მეორეზე კი “ნაციონალური მოძრაობის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “კონსერვატიული პარტიის” მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკი გავიდა 24%-ით. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა “ლეიბორისტთა” ლიდერ შალვა ნათელაშვილს უნდა დაეკავებინა, თუმცა ეს პოსტი მან “ნაცმოძრაობის” ლიდერ მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. დღევანდელ და 18 წლის წინ მომხდარ მოვლენებში რამდენიმე მსგავსებაა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 2002 წელს ოპოზიციურ ბლოკში იყო, დღეს ცდილობს ასევე დიდი პოზიციური ბლოკი შეკრას. ბევრი კვლევა და ექსპერტთა მოსაზრებებიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ბლოკმა შეიძლება მეორე ადგილი აიღოს. 2002 წელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციური ბლოკით მეორე ადგილი დაიკავა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ 2002 წელს სახელისუფლებო პარტიამ - “მოქალაქეთა კავშირმა” 3%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და საკრებულოში საერთოდ ვერ შევიდა. დღევანდელ ვითარებაში, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო პარტია პარლამენტში შევა და პირველ ადგილსაც მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“რამდენად შესაძლებელია, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ 2020 წელს ამჯერად საქართველოს პარლამენტზე დაამყაროს კონტროლი და შესაბამისად, ხელისუფლებაში მოვიდეს? ანალიტიკოსთა ნაწილი ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. “ლეობორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა “რეზონანსთან” 18 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ მაშინ შალვა ნათელაშვილის მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის მიხეილ სააკაშვილისათვის დათმობა არ მომხდარა. მისი თქმით, 2002 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობის მოპოვება შეძლო, რადგან საკრებულოში შესულმა სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირეს მხარი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

“ბარიერი გადალახა “ლეიბორისტულმა პარტიამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ახალმა მემარჯვენეებმა”, “მრეწველებმა”, ჯუმბერ პატიაშვილის პარტიამ და ზურაბ ჟვანიამ (“გაერთიანებული დემოკრატები”). საკრებულოს შემადგენლობაში 49 წევრი იყო და უმრავლესობას 25 დეპუტატი სჭირდებოდა. აქედან “ლეიბორისტულ პარტიას” 15 ჰყავდა გაყვანილი. შალვა ნათელაშვილს ძალიან რომ მოენდომებინა, მიხეილ სააკაშვილს ვერაფერს დაუთმობდა. თავმჯდომარეს საკრებულოს წევრები ირჩევდნენ და სწორედ 25 წევრს უნდა მიეცა ხმა. მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება აიღო “ვარდების რევოლუციის”, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მანამდე იყო ჩვეულებრივ საკრებულოს თავმჯდომარე. “ლეიბორისტული პარტია” კი იმ საკრებულოში ოპოზიციაში იყო,“ - აღნიშნა გუგავამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს 2020 წლის საპრალამენტო არჩევნების 2002 წლის სცენარით დასრულებას - “ასეთი სტილით მაინც “ლეიბორისტული პარტია” გამოირჩევა. მის გარდა სხვას ასეთი დათმობები არ გაუკეთებია, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია არა თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს სათათბირო ორგანოზე, რაც ასევე ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების დათმობასაც და საეჭვოა რომელიმე პარტია ამაზე წავიდეს”, - უთხრა საყვარელიძემ “რეზონანსს”. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2002 წლის მოვლენები აღარ განმეორდება. იგი პოლიტიკურ გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“ამ ორ მოვლენას შორის პარალელს ვერ გავავლებდი, რადგან თვისობრივად განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ ეს იყო მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ახლა კი საქმე გვაქვს საპარლამენტო არჩევნებთან. მაშინ მთავარი მოთამაშეები აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ლეიბორისტულ პარტია”. ამ უკანასკნელის ბიოგრაფიას თუ გავიხსენეთ და მისი პოლიტიკური ლიდერების მიდრეკილებებს, მათთვის ასეთი რაღაცების გაკეთება უცხო არ არის. როგორც ჩანს, მაშინ თანამშრომლობის და პოლიტიკური გარიგების რესურსი გამოინახა. თუკი ასეთი რესურსი ახლაც იქნება, მაინც ძალიან მეეჭვება კონფიგურაცია ასე დალაგდეს, რომ ასეთი თანამშრომლობის რესურსი გამოინახოს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს - ეს არის ის დამოკიდებულება, რაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობს. როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, რომ არც ერთ პირობაში ერთმანეთთან არ ითანამშრომლებენ, კოალიციას არ შექმნიან და ა.შ. ეს უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 391 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.