„საქართველო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება: რას ფიქრობენ მოსკოვში?“

სომხური გამოცემა „ლრაგირ“-ში («Լրագիր») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება: რას ფიქრობენ მოსკოვში?“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).

მასში საუბარია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტზე, რომელიც „დიდ ცვლილებებს მოასწავებს“. განხილულია სიტუაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ სავარაუდო წასვლის შემდეგ შეიძლება დადგეს. რუსეთის გავლენა თანდათან სუსტდება თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში. პუბლიკაციაში დასმულია კითხვა: რას უნდა ელოდოს ასეთ ვითარებაში საქართველო რუსეთისაგან? რას მოიმოქმედებს რუსეთი სხვა ქვეყნების მიმართაც?

 

 „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლა. მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდა ციხიდან მათ, სანამ საქმე აშშ-ის ჩარევამდე არ მივიდა: კონგრესი საქართველოს ხელმძღვანელებს მკაცრი სანქციებით დაემუქრა. ხელისუფლებამ უკან დაიხია. საქართველოში უკვე დაიწყეს ლაპარაკი ივანიშვილის ეპოქის დასასრულზე, რომელსაც პრორუსულ ოლიგარქს უწოდებენ, მოსკოვის „მეფისნაცვალს“ საქართველოში.

 

მზადაა მოსკოვი თავისი გავლენის შესამცირებლად იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს? საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, რომელსაც შეუძლია უეცრად ევროატლანტიკურ ბანაკში გადახტეს. მართალია, ვაშინგტონსა და ბრიუსელს, როგორც ჩანს, რუსეთის ტრადიციული გავლენა იმდენად არ აშფოთებთ, რამდენადაც ჩინეთისა და თურქეთის მზარდი კონტროლი. ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ჩაშლაც იმის დადასტურებაა, რომ დასავლეთი არ დათანხმდება ჩინეთის განმტკიცებას კავკასიის შავიზღვისპირეთში

 

ასეა თუ ისე, რუსეთის გავლენა საქართველოში შესაძლოა მნიშვნელოვნად შესუსტდეს. ეს დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც რუსეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე დაიწყო.

 

მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავრობას რუსეთისაგან 200 მილიონი დოლარის კრედიტის აღება აუკრძალა, რამაც ხელისუფლების კრიზისი გამოიწვია - პრორუსულ პრეზიდენტს იგორ დოდონს მეორედ არჩევის შანსი აღარ აქვს.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა მოულოდნელად სენატის სპიკერის თანამდებობიდან დარიგა ნაზარბაევა გაათავისუფლა და როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ამით მოსკოვზე ქვეყნის დამოკიდებულების დონე შეამცირა.

 

ბელარუსმა ამ დღეებში ამერიკული და საუდისტური ნავთობი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და მოსკოვთან ინტეგრაციის შესუსტებას.

 

უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინისთვის საძულველი ადამიანი დაინიშნა - მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან  თავის პოლიტიკურ საქმიანობას ლეგალურად წარმართავს.

 

პოლონეთმა უარი განაცხადა რუსეთთან გაზის ტრანზიტის შესახებ დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე მილსადენ „იამალ-ევროპის“ მეშვეობით და გაზის მიღებას ნორვეგიიდან და აშშ-დან იწყებს.

 

გერმანიამ, თავის მხრივ, ფაქტიურად, რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა აუკრძალა.

 

სომხეთი, ბელარუსი და ყირგიზეთმა რუსეთს გაზზე ფასის დაკლების მოწოდებით მიმართეს და თუ მოსკოვი არ დათანხმდება, მაშინ დღის წესრიგში დგება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიზანშეწონილების საკითხი.

 

როგორ უყურებს ამ ყველაფერს მოსკოვი? - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/05/17/174028/

წაკითხვა 981 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.