“ალტერნატიული მესამე ძალა” ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო - რა შანსი აქვს “ლელოს”

"პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

ეს ეხება როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილს. პარტიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “რეზონანსთან” საუბრისას თქვა, “ლელო” ხისტ დამოკიდებულებას არ აჩენს და ხშირად გარკვეულ დათმობებზეც მიდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ალტერნატიული მესამე ძალა” ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო - რა შანსი აქვს “ლელოს”.

 

“ყველა გადის დამოუკიდებლად პროპორციულ ნაწილში. რაც შეეხება 30 მაჟორიტარულ ოლქს, თუ ამ ფორმით იქნა მიღებული კონსტიტუცია, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდება შეთანხმება, რომ კონკურენტუნარიან კანდიდატებს არ შევუშალოთ ხელი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოლქზე მოხდება შეთანხმება, მაგრამ მეტწილად მოხდება. “ლელოს” ლიდერები ასე ხისტად არ აცხადებენ, რომ არ გაითვალსწინებენ ოპოზიციური პარტიების თამაშის წესს. გამონაკლისებს უშვებენ. უდიდესი შანსი ეძლევა ოპოზიციას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" და მისმა სატელიტებმა მოაგროვონ უმეტესობა. მაჟორიტარულ ოლქებში, გაერთიანებულ კანდიდატს ექნება სერიოზული უპირატესობა," - თქვა გოცირიძემ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში “ლელო” საკუთარ კანდიდატებს წარადგენს, თუმცა იმ ოლქებში, სადაც დანარჩენ ოპოზიციას მათთვის მისაღები ძლიერი და კვალიფიციური კანდიდატი ეყოლება, “ლელომ” საკუთარი კანდიდატი შეიძლება არ დააყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“კოჟორიძის თქმით, ეს პარტიაში შიდა კონსულტაციების საგანია და ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება, ვინაიდან დაპირებული ცვლილებები საარჩენო სისტემაში ამ დრომდე მიღებული არაა და არც მათი შესრულების გარანტიები არსებობს" - ამის შესახებ კოჟორაძიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის “ლელოს” პოზიცია გასაკვირი არ იყო, რადგან როგორც მან აღნიშნა, პარტია საკუთარ რეპუტაციასა და იმიჯს უფრთხილდება, - ცდილობს მესამე ალტერნატიული ძალის როლი მოირგოს... ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავს შეხვედრებს, მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაციას გეგმავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება და დანარჩენი პარტიები მას დაუჭერენ მხარს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს. “ლელომ” თავიდანვე განაცხადა, რომ არ იქნება “ათქვეფილი” საერთო ოპოზიციურ ჯაჭვში, - საკუთარი პოლიტიკური იდენტობა შეინარჩუნოს და წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც ალტერნატიული მესამე ძალა. აქედან გამომდინარე, მისი ეს ნაწილი ლოგიკურად გამოიყურება. ოპოზიციაში ერთმანეთის წინააღმდეგ მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებენ, - ამ პრინციპზე რაღაც შეთანხმება არსებობს. ეს არის ოპოზიციის ტაქტიკური გათვლა. შეიძლება გრძნობენ, რომ დიდი ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ცდილობენ ერთმანეთს არ დაუპირისპირონ კანდიდატები. ამას ემსახურება ის, რომ ერთიანი კანდიდატით გამოვიდნენ. როგორ მოხდება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, გასარკვევია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 404 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.