March 29, 2024

“ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება” - მამუკა არეშიძე

“ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ვინმეს ზედმეტ ძალაუფლებაზე არ წაუცდეს ხელი.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული თარიღით განისაზღვრა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ნერვიულობისთვის მიზეზს ვერ ვხედავ, არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა მგონია სწორი, რადგან 15 ივლისამდე მეეჭვება ამის განხილვა მოესწროს. მესმის, რომ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე გამაღიზიანებელია, ზოგიერთი კი ეჭვს იწვევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო იმაზე რეაგირებს, რაც მის პირად თავისუფლებას ზღუდავს და ნაკლებად აინტერესებს ის, რაც ოპოზიციას აწუხებს”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება” / “თავის დროზე რუსეთის აგენტს რომ ეძახდი არაერთ პოლიტიკურ ლიდერს და ამის გამო ლამის იჭერდი, დღეს კი შენს პარტნიორად აცხადებ, ისმის კითხვა, როდის იყავი და ხარ გულწრფელი, მაშინ თუ ახლა?!”

 

“არ ვიცი, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას. ვფიქრობ, უფრო სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე და რეალურად ქვეყანა ტურისტების მისაღებად ნამდვილად არ არის მზად. მზადყოფნა ნიშნავს, რომ გაქვს ბაზა მომზადებული, მაგრამ აქ საკითხი ცოტა სხვანაირად დგას - საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია ეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი გარემოება შენზე დამოკიდებული არ არის. შიდა ტურიზმიც კი ხელისუფლების ნებაზე არ არის დამოკიდებული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის გადასაწყვეტია, უნდა სადმე წავიდეს თუ არა. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორი. ალბათ, განსაზღვრული ჯგუფების მიღება შეიძლება, როგორც გავიგე, ახალი ავიაკომპანიებიც გეგმავენ შემოსვლას და ახალი მიმართულებებით იქნება ფრენები, მაგრამ მეეჭვება, ეს ყველაფერი ამ ზაფხულს მასშტაბურად მოხერხდეს. ჯერჯერობით, მსოფლიო შიშით უყურებს ყველა პროცესს, რადგან ყველამ უმძიმესი გაზაფხული გაიარა, ამიტომაც ტურიზმზე იმედის გადაჭარბებულად დამყარება, ვეჭვობ, სწორი იყოს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ტურისტულმა სეზონმა ჩვენში წარმატებით და უექსცესოდ ჩაიაროს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ სტარტი ძალიან არასწორი იყო და იმჟამინდელი კოჰაბიტაციის შედეგებს დღეს ვიმკით, თან ძალიან მახინჯი ფორმით და რაც მოხდა ახლა, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ უგულავა-ოქრუაშვილის “პოლიტპატიმრად” მონათვლა, “ქართული ოცნების” მიერ სტარტზევე დაშვებული შეცდომების შედეგია. ამიტომაც ახლა საქმე გვქონდა ფარსთან როგორც მათი დაპატიმრების, ისე გამოშვების შემთხვევაში და ამაში ორივე მხარე მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით... ამბობთ, ოპოზიცია წელგამართულიაო, კი, მედიასთან ნამდვილად ასე წარმოაჩენენ თავს, მაგრამ ვეჭვობ, მთლად ასე კარგად ჰქონდეთ საქმე. ვფიქრობ, უგულავასა და ოქრუაშვილს ახლა იმაზე მეტი ამბიცია გაუჩნდათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ და თან ოპოზიციამ აიკიდა ე.წ. ოქრუაშვილის ფაქტორი, რითაც გამოწვეული უკმაყოფილება უკვე კარგად ჩანს ოპოზიციის სამზარეულოში. ხომ ნახეთ, ოქრუაშვილთან ინტერვიუსას “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძე იძულებული იყო საკამათო სივრცე შეექმნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

"მოკლედ, ოპოზიციის ამჟამინდელ ლიდერებს იმდენი რამ აქვთ ერთმანეთზე ნალაპარაკები, იმდენი ცუდი აქვთ ერთმანეთისთვის გაკეთებული, დამერწმუნეთ, მათ შორის ნდობა ნულს ქვემოთაა. მიკროფონების მიღმა ზოგიერთის პოლიტპატიმრის სტატუსზე თვითონვე კვდებიან სიცილით, კარგად იციან, ვინ ვინ არის. ველი, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება ოქრუაშვილთან დაკავშირებით. რაც მეტს ილაპარაკებენ, მით მეტი გაახსენდება ხალხს - რას ამბობდნენ წლების წინ ერთმანეთზე, ვინ ვის ეძახდა რუსეთის აგენტს, ვინ ვის იჭერდა... საბოლოოდ, კომიკური ვითარება იქმნება ამ ოპოზიციური ერთობის გარშემო. თავის დროზე რუსეთის აგენტს რომ ეძახდი არაერთ პოლიტიკურ ლიდერს და ამის გამო ლამის იჭერდი, დღეს კი შენს პარტნიორად აცხადებ, ისმის კითხვა, როდის იყავი და ხარ გულწრფელი მაშინ თუ ახლა?! რაც შეეხება დასავლეთის რეაქციასა და მძიმე შეფასებებს, “ოცნების” დაშვებული შეცდომები უკვე ვახსენე. კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რაც თავის დროზე დაუშვეს, ლობისტებზე უარის თქმა იყო. არადა, დღევანდელი გლობალური პოლიტიკა პოლიტიკური ფიგურებისა და ლობისტების მეშვეობით იმართება და ლაგდება”, - თვლის ექსპერტი.

 

“მოკლედ, ამ ლობიზმზე უარის თქმამ შედეგად ის მოიტანა, რომ ოპოზიციამ ისევ გააგრძელა მათთან მუშაობა, შედეგად კი მათი მხარდამჭერი განცხადებები გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე ხელისუფლების. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული შეფასებებისთვის საფუძველი თვითონვე მისცა ამერიკელებსა თუ ევროპელებს იმით, რომ დადებული პირობა ჯერ შემოდგომაზე დაარღვია, ახლა კიდევ ერთხელ გადაწყვეტა უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით დადებული შეთანხმების “დავიწყება”... 2 სენატორისა და 2 კონგრესმენის წერილია, რეალურად არის “ფრონტერას” ლობისტების წერილი, რომლებიც საქმეში ძალიან ჩაუხედავებიც აღმოჩნდნენ. თავდაპირველად ვერც კი დავიჯერე, რომ ამ რანგის ხალხმა ასეთი შინაარსის წერილი დაწერა, თან სახელმწიფო მდივნის სახელზე, ამიტომ ფეიკი მეგონა. განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით არის გამაოგნებელი ჩანაწერი, რაც მხოლოდ ჭორებს ეფუძნება. ამ კომპანიამ ჩვენი ქვეყანა გვარიანად დააზარალა, არანაკლებ ცუდი გაუკეთა აზერბაიჯანსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, იმხელა ფული გადაუხადეს ლობისტებს, რომ ისინი იმას ლაპარაკობენ, რასაც კომპანია ეუბნება”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

 

“ქართულმა ოცნებამ” პანდემიასთან ბრძოლისას, ჩემი აზრით, კარგი გამოცდილება მიიღო და ისიც დაინახა, პროფესიონალების მოსმენასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის, ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფად განხორციელება, სოციალური დახმარების სისტემების დახვეწა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი. მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი, დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის...”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “დიდი გამოხმაურება მოჰყვა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებებს...”, პასუხობს:

 

“არსენ ტოროსიანი ახალგაზრდა კაცია, გამოუცდელი, რომელსაც ჟურნალისტებთან ყოველი გამოჩენისას მუდმივად უსვამენ კითხვას, სომხეთში საქართველოსთან შედარებით ასეთი ცუდი ვითარება რატომ გვაქვსო? ჰოდა, ეტყობა, ამოუვიდა ყელში და ამ გამოუცდელმა კაცმა გადაწყვიტა ჩვენს სტატისტიკაში შეეტანა ეჭვი. ერთადერთი, რაც მას ხელჩასაჭიდად აქვს, ის არის, რომ სომხეთში თავდაპირველად გაცილებით ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს ჩვენთანაც გაიზარდა ჩატარებული ტესტების რიცხვი. ეს იყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკოლეგიალური და არადიპლომატიური განცხადება. ტოროსიანს უკვე უპასუხეს არგუმენტირებულად ბატონებმა გამყრელიძემ და ცერცვაძემ და ამით უნდა დავასრულოთ, არ ღირს ჯიბრში ჩადგომა და ამ საკითხის გამწვავება. პირიქით, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა კარგი იქნება იმაზე იფიქრონ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს - სომხეთში მართლა რთული ვითარებაა, ვირუსის გავრცელება ძალიან პროგრესირებს და ვეღარ მართავენ ვითარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს სამეზობლოში რაც ხდება, ადრე თუ გვიან, შეიძლება ჩვენზეც ცუდად აისახოს”.

წაკითხვა 770 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.