March 29, 2024

"საქართველო - ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„საქართველო - ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო - ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს - გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას! მადლობა, დიდება და საუკუნო ხსოვნა მათ ვინც 30 წლის წინ და 30 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურა. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი - შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თავისუფლები ვიქნებით, მხოლოდ მაშინ როდესაც „გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ“ და ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება „არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება“.

 

„თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - "დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წაკითხვა 594 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.