"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას" - კარლ ჰარცელი

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.

 

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე.

 

„გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ, თქვენ კონკრეტული ძალისხმევა გამოიჩინეთ ოჯახური ძალადობისგან ქალთა დასაცავად. პასუხისმგებლიან, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდით შშმ პირების დასახმარებლად, საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების აღმოსაჩენად. ლგბტ თემის მხარდაჭერისა და დიალოგის მომსწრენიც გავხდით.

 

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში უწყვეტი დახმარება უზრუნველვყოთ 2020 წლის შემდეგაც. ამ კონტექსტში, მინდა სამდივნოს დღემდე განხორციელებული სამუშაო შევაქო, სტრატეგიის და ახალი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის კონტექსტში. ეს არის ინკლუზიური პლატფორმა, რომელიც იმედია, უზრუნველყოფს ჯეროვნად მომართული მიზნებისა და ორიენტირების შესრულებას. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავებისთვის მომდევნო წლებში,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

 

კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

 

„მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება.

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.