April 26, 2024

“მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” - გიორგი გობრონიძე

“ივანიშვილი პუტინის კაცია?

არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“.

 

“არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

 

“წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს:

 

“მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”.

 

“ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი.

 

“შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

წაკითხვა 509 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.