როგორ ემზადება მთავრობა ეპიდემიის მეორე ტალღისთვის - პრემიერ-მინისტრის განმარტება

პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტში განიხილება 2020 წლის კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც გათვლილია და სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში, ბიუჯეტის ხელახლა გადახედვა საჭირო არ გახდეს.

 

„მეორე ნაწილი - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სისტემა სრულად უნდა მოემზადოს დარჩენილ სამ თვეში იმისთვის, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში ინფრასტრუქტურულად იყოს სრულად გამართული. მზაობის მესამე ნაწილია - ინფიცირების გამოვლენისა და ტესტირების სისტემა, რაც ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ თუ ეპიდემიის დაწყების დროს საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 PCR ტესტირების ჩატარება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო - იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე - ადაპტაცია და მესამე ეტაპზე - მართვა. ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პირველ რიგში სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინს თვითდასაქმებული იყო, ვინც სოციალურად დაუცველი 65 000-100 000 ქულას ფარავდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარება განაწილდა 6 თვეზე იმიტომ, რომ იყოს მეტი მდგრადობა და დრო, რომელიც ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოიგო, სწორად იყოს გამოყენებული სამი სისტემის ასაწყობად - ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება.

 

„ერთადერთი ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

წაკითხვა 498 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.