“ლელო” მზადაა “გართიანებულ ოპოზიციას” ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი “დაუთმოს”

“პოლიტიკური მოძღაობა “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას, თუმცა, თუკი რომელიმე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი მოეწონებათ, ამ ოლქს მას დაუთმობენ.

ამის შესახებ “რეზონანსს” ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომელსაც თავად სურს მაჟორიტარად იყაროს კენჭი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელო” მზადაა “გართიანებულ ოპოზიციას” ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი “დაუთმოს”.

 

“ლელოს” დღესაც ის პოზიცია აქვს, რაც თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ ოპოზიციური ერთობის მხარდაჭეირს მიზნით შეიძლება თბილისის რამდენიმე ოლქში ჩვენ კანდიდატი შეიძლება არ დავაყენოთ, თუ კონკრეტული კანდიდატი მოგვეწონება... აუცილებლობიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს სურვილი მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო. მე მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერ მხარს, მაგრამ ვინაიდან ასეთი მოცემულობა გვაქვს და “ლელო” იმ ფეოდალური სისტემას უცხადებს ბრძოლას, რა თქმა უნდა, მე პირადად ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ სად ვიქნები კონკრეტულად, ეს გუნდური გადაწყვეტილება იქნება... სავარაუდოდ, ბატონი დავით უსუფაშვილიც ასევე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

 

“ჩვენ არა მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას, არამედ პრემიერ მინისტრის კანდიდატის დასახელებასაც ვაპირებთ და უფრო მეტიც - ასევე ვაპირებთ მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე მომავალი მინისტრობის კანდიდატების დასახელებასც. მაგრამ ივნისსა და ივლისში ეს ალბათ არ მოხდება, ეს უფრო სექტემბერში იქნება.. ჩვენთან მაჟორიტარ კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ჩვენთან ჯანსაღი შიდა კონკურენციაა იმ მიზნით, რომ კონკრეტულ ოლქებში პარტიამ საუკეთესო კანდიდატები დაასახელოს”, - ამბობს კოჟორიძე.

 

“ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, “ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ” გამოაცხადებენ. თუმცა, რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, თბილისში მაჟორიტარობის ერთი კანდიდატი „ლეობირისტებსაც" ეყოლებათ, თუმცა არ აკონკრეტებს ეს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება, თუ პარტიის რომელიმე სხვა წევრი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იქნებიან თბილისში ოპოზოციის საერთო კანდიდატები - უკვე მიღწეული შეთანხმების დეტალები.

 

“ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ გვარებსაც სამწუხაროდ პრეზენტაციამდე ვერ გაცნობებთ იმიტომ, რომ შეთანხმება ასეთია. დარწმუნებული ვარ, თბილისზე შეთანხმება მოხდება და ისეთი კანდიდატები გამოცხადდებიან, რომლებიც ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციას, თანამშრომლობას და ხელისუფლების დამარცხებას უზრუნველყოფენ. ერთი შემიძლია ის გითხრათ, რომ თბილისის მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს შორის “ლეიბორისტული პარტია” ნამდვილად იქნება. დანარჩენზე მაინც თხოვნა და შეთანხმება იყო ასეთი, რომ საბოლოო შეთანხმებამდე კანდიდატების დასახელებისგან თავს ვიკავებთ”, - ამბობს ჩხარტიშვილი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისში ოპოზიციის 8 მაჟორიტარ კანდიდატიდან ისინი მხოლოდ ორს დაასახელებენ. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ისევ ძალაშია: “დიახ, ჩვენ ასე ვიცით”. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის რვა მაჟორიტარ კანდიდატიდან ერთი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება - ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის”ეთერში თავად განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება. “ქართული ოცნება” ალბათ ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება... “ლელოს” თავისი არჩევანი აქვს და კი, ბატონო, მიხედოს. მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს. როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე ამაში ვერ ჩავერები. მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ეს უბედურება”, - განაცხადა ვაშაძემ... საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომლის განხილვაც პარლამენტში 19 ივლისს დაიწყება, თბილისში 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 349 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.