"ელჩების თანადგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა "- დამოუკიდებელი დეპუტატები

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და ახლადშექმნილი პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ მადლობას უხდიან საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტსა და შეერთებულ შტატებში, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისა და ახალგაზრდა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე უმნიშვნელოვანესი ხელშეწყობისათვის.

"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის, აშშ საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ქალბატონი ელიზაბეტ რუდის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ჰუბერტ კნირშის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბატონი კარლ ჰარცელისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბატონი კრისტიან ურსეს როლი.

 

აშშ, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანადგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა რამდენიმე თვის მანძილზე ჩიხში შესული კომპლექსური მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით.

 

სამწუხაროა, რომ მმართველმა ძალამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებების ირგვლივ გაერთიანება დიპლომატიური კორპუსის აქტიური მონაწილეობის გარეშე. თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში, შევძლებთ შევამციროთ პოლიტიკური პოლარიზაცია, დავნერგოთ ახალი პოლიტიკური კულტურა და მოვახდინოთ პოლიტიკური კონსოლიდაცია ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და სხვ.

 

2020 საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოში დემოკრატიის ტესტი, რომლის პირველი ეტაპი პარლამენტმა დიპლომატიური კორპუსის თანადგომით წარმატებით ჩააბარა 29 ივნისს. მართალია, უკვე მიღებული ცვლილებები, მთლიანად ვერ ანაცვლებს 2019 წელს „ქართული ოცნების“ მიერ შეპირებულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გეგმას, მაგრამ ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

 

დასანანია, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ვერ იქნა დამტკიცებული უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, რამდენადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი თანაგუნდელის მხარდაჭერის გამო არ მიიღეს პროცესში მონაწილეობა.

 

თუმცა, მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური სპექტრის 24 დეპუტატის, მათ შორის ჩვენი ფრაქციის 7-ვე წევრის, საჯაროდ გაცხადებულმა თანხმობამ, შექმნა გარანტი საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მისაყვანად.

 

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და ახლადშექმნილი პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ კვლავაც ადასტურებენ თანამშრომლობისათვის მზაობას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის ფართო წარმომადგენლობასთან, როგორც წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების, ასევე 2020 არჩევნებისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების ხელმომწერები არიან: 

 

მარიამ ჯაში

 

ლევან გოგიჩაიშვილი

 

ზვიად კვაჭანტირაძე

 

ლევან კობერიძე

 

კობა ნარჩემაშვილი

 

ბექა ნაცვლიშვილი

 

გედევან ფოფხაძე

წაკითხვა 404 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.