“თუ ოპოზიციაში ყველა არ გაერთიანდა, მაშინ ეს აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით” - ვახტანგ ძაბირაძე

“გაერთიანებული ოპოზიცია” ვერ თანხმდება პროპორციული სიის ფორმირების საკითხზე.

როგორც პოლიტიკოსთა განცხადებებიდან ჩანს, გაურკვევლობაა საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებითაც. რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ და როგორ მოახერხებენ არჩევნების შემდეგ ისინი კოალიციის ფორმირებას, ამ თემებზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ძაბირაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში, არის ისეთი პარტიები, რომლებსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. საარჩვენო ბლოკის ჩამოყალიბების შემთხვევაში კი ლიდერ პარტიებს მოუწევთ მათთვის მანდატის დათმობა, რაც შეიძლება მათ ინტრესებში არ შედიოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ ოპოზიციაში ყველა არ გაერთიანდა, მაშინ ეს აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით” - ძაბირაძე.

 

“1%-იანი ბარიერი როდესაც შემოიღეს მაშინვე გაჩნდა რეალური მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა კი ამ შემთხვვაში კოალიციების გაკეთება? ვლაპარაკობ საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ გარანტირებულია, რომ ეს საარჩევნო ბლოკი გავა პირველ ადგილზე. თუ ამის გარანტიები არ არსებობს, მაშინ, ლიდერი პარტია ამით ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს. “ძალა ერთობაშიას” რიგებში არის პარტიები, რომლებსაც რეალურად გაუჭირდებათ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, რომ იყრიან კენჭს ვნახავთ კიდეც ამას. რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს „ძალა ერთობაშიადან" ესაა საკითხავი, არა მგონია ყველა მათგანი შევიდეს, ალბათ 3-4 პარტია იქნება. მატყუარაა 1%-იანი ბარიერი, თითქოს მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ამომრჩეველი ასე არ ფიქრობს. შესაბამისად, თუ ბლოკში შედის პარტია, რომელსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერმა პარტიამ თავისი ხმები უნდა მიახმაროს, ანუ მანდატი უნდა დათმოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან ობიექტური მიდგომა, ჯერ ერთი მას თავისი პარტიული კადრები ჰყავს და საარჩევნო სისტემაში ამ ხალხს, ბუნებრივია, მოხვედრა უნდა. თუ ბლოკი შეიქმნება ეს იმას ნიშნავს, რომ გამსვლელ სიაში პირველ ეშალონში მოექცევა ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერები შესაბამისად, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც რეალური ლიდერია ამ გაერთიანების მანდატები უნდა დაურიგოს სხვებს. მთლად “სხვები” ესენი არ არიან იმიტომ, რომ თავის დროზე ძირითადი უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობიდანაა” წასული. მაგრამ ამ შემთხვევაში სანდოობის ხარისხია ძალიან დაბალი. ჯერ წავიდნენ, ახლა ისევ ბრუნდებიან, მანდატებს მიიღებენ და მერე რას იზამენ კაცმა არ იცის. მოკლედ, საარჩევნო ბლოკი ბევრ პრობლემებს ქმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მეეჭვება, რომ “ძალა ერთობაშიას” რიგებში შემავალმა პოლიტიკოსებმა უარი თქვან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ერთიანი სიის გაკეთებაზე. რთული სათქმელია ვინ რას გადაწყვეტს არჩევნების შემდეგ. ეს შემადგენლობა დღეს რაცაა გაერთიანებული “ძალა ერთობაშიას” გარშემო და ამას კიდევ დაემატება ალბათ “ევროპული საქართველო” და ის პარტიები, რომლებიც თავის დროზე ლაპარაკობდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად უნდოდათ ბლოკის შექმნა, როდესაც ისინი გავლენ პარლამენტში, ბუნებრივია, რომ შეეცდებიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად უმრავლესობის დაკომპლექტებას. “ქართულ ოცნებასთან” უმრავლესობის შექმნაზე ჯერ არ იფიქრებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია. თუ წარსულს გადავხედავთ ვნახავთ, როგორ მოძრაობდა პარლამენტში დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ერთი პარტიიდან მეორეში. ასე, რომ ეს მიმოსვლები დეპუტატებს შორის, რა თქმა უნდა, არის და არ გამოვრიცხავ სხვა კოალიციაში მათი ხილვის შესაძლებლობებს”, - მიიჩნევს ძაბირაძე.

 

“ნაციონალური მოძრაობა” ფართო კოალიციის შექმნას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი მოახერხებს მთლიანი ოპოზიციის გაერთიანებას, მათ შორის “ევროპული საქართველოსი”. ამავე დროს, “ლელო”, ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძეც უარზეა. შესაბამისად, პოლიტიკურ ფლანგზე რჩება პარტიათა საკმაო ჯგუფი, რომლებიც ამ გაერთიანებაში არ შევლენ. თუ ისინი იქ არ შევიდნენ, მაშინ ეს გაერთიანება აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.