რა საფრთხე მოაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოსთვის

“იმიტომაა საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია განვითარდეს სასაზღვრო ზოლში, უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან”, - თვლის “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი განახლებულ სამხედრო შეტაკებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეტაკებები სწორედ საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით ეს კონფლიქტი განსხვავებული იქნება აქამდე არსებულისგან, რადგანაც სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მკვეთრად გააუმჯობესეს შეიარაღება და სამხედრო არსენალი. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ალადაშვილის თქმით, ყველაზე უცნაური ისაა, რომ ორივე მხარეს შეტევით იარაღს სწორედ რუსეთი აწვდის...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხე მოაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოსთვის.

 

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფრონტის ხაზი გადის არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მთელ საზღვარზე. ეს რაც ბოლო დღეებში მოხდა, არის საქართველოს საზღვრიდან - ვგულისხმობ დედოფლისწყაროს მიმართულებას, - სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრში. ასე რომ, თუ დაიწყეს რაკეტების გამოყენება, სამხრეთ კავკასია დადგება რეალური საფრთხის წინაშე. საქართველოსთვის ეს თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია გადაიზარდოს შეტაკებებში უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან. გადაიზრდება თუ არა ეს დაპირისპირება უფრო სერიოზულ კონფლიქტში სხვა საკითხია, რადგან ასეთი დაპირისპირება ხშირად ხდება მათ შორის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ დაპირისპირებამ ფართო მასშტაბი მიიღო, ის სახიფათო გახდება, რადგან სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც თავის არსენალში უკვე დაგროვებული აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის და სერიოზული იარაღი. პირველ რიგში ესაა სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 40 კმ-დან თითქმის 300 კმ-მდე ადის. მათ ფაქტობრივად შეუძლიათ ერთმანეთის ყველა სტრატეგიულ ობიექტს საკუთარი ტერიტორიიდან მისწვდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

 

“რაც შეეხება შეიარაღებას, რომელიც გამოჩნდა 2016 წლის დაპირისპირებისას და მერეც, აზერბაიჯანმა შეიძინა ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემები ისრაელიდან და თურქეთიდან, რომელსაც შეუძლია წერტილოვანი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე ათეული და ასეული კილომეტრიდანაც. თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ის კონფლიქტი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება კრემლიდან იმართება. ასე იყო საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და იგივე, სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებაშიც. ამას გათვლა ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესშიც, რომ ჩვენ არ გვეფიქრა ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამხედრო განვითარებაზე. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაშიც კარგად ჩანს, როცა ორივე მხარეს რუსეთი აწვდის იარაღს. თან არა თავდაცვითს, არამედ შეტევითი სახის იარაღს. სომხეთთან ამას კიდევ გამართლება აქვს, იმიტომ, რომ სომხეთის ტერიტორიული დაცვის ვალდებულება რუსეთს აქვს აღებული, თუმცა ის იარაღი, რომლებიც აზერბაიჯანმა გამოიყენა, სწორედ რუსეთის მიერაა მიწოდებული... საქართველო ცდილობს, შეინარჩუნოს ნეიტრალური პარიტეტი სომხეთასა და აზერბაიჯანს შორის და ასეც უნდა გავაგრძელოთ. საქართველოს აბსოლუტურად სწორი საგარეო კურსი აქვს ამ მხრივ”, - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

 

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზე. “ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება”, - ამბობს ზურაბიშვილი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხდა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა. აშშ გმობს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას და მხარეებს ძალის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს განახლდა. ინფორმაცია პირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა. მათი განცხადებით სომხურმა მხარემ ტავუშის მხარეში პროვოკაცია მოაწყო და სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. სომხური მხარის განცხადებით კი, აზერბაიჯანი შეეცადა საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, და ასე იქნება მომავალშიც. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სომხეთის მოქმედებებს და მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას კი გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სიტუაციაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 576 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.