აუწეველი ტვირთი: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი რეგიონულ ლიდერად წარმოიდგინა

აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») დღევანდელ, 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აუწეველი ტვირთი: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი რეგიონულ ლიდერად წარმოიდგინა“, რომელშიც საკმაოდ ირონიული ტონითაა განხილული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გაცხადებები, განსაკუთრებით კი მისი გამონათქვამი რეგიონული ლიდერობის თაობაზე:

„მე ახლა საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები... მე უკრაინაშიც ვიბრძვი და საქართველოშიც, მაგრამ მე ვიცი, რომ რეგიონული ლიდერი ვარ. ხალხს ჩემი სჯერა და მე მათ იმედებს არ გავუცრუებ...“ და ა.შ.

 

„ამგვარ ფრაზებს რომ წაიკითხავ, მკითხავთან წასვლაც არ დაგჭირდება - შიგ იმდენი „მე“ არის და ისეთი პათოსია გამოხატული, რომ ეგრევე მიხვდები ავტორი ვინც არის - საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი ჟურნალისტი სალეჰ ბაიათი გახლავთ.

 

მაინც რა გააკეთა საქართველოდან გაქცეულმა და ძებნაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ისეთი, რომ თავს რეგიონულ ლიდერად მიიჩნევს? და რატომ ჰგონია, რომ საქართველოს ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ხმას მის პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს?

 

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია 2004-2012 წლებში პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის საქმიანობის მიღწევები: რეფორმების განხორციელება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრი ზრდა... „სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს მეტწილად იმიტომ დაემხო, რომ თავის საბაზო ფუნქციებსაც კი ვერ ასრულებდა - მაგალითად, ვერ კრეფდა გადასახადებს, ხაზინაში ფული არ შედიოდა და შესაბამისად, ვერაფერი ვერ ფინანსდებოდა. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები სწორედ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისკენ გადადგა“. საგადასახადო რეფორმის შედეგად მტავრობას ფული გაუჩნდა, რომელიც სხვა რეფორმების რეალიზებისაკენ შეიძლება მიმართულიყო - ვთქვათ, მართლმსაჯულებისა და პოლიციის მუშაკებს ხელფასები მომატებოდათ, სახელმწიფო ჩინოვნიკებს და ა.შ. გაჩნდა კეთილსინდისიერი მუშაობის შესაძლებლობა, ქრთამის გარეშე.

 

მაგრამ განა ეს ყველაფერი კორუფციაზე საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა? ან იქნებ სიმსივნემ ორგანიზმში მხოლოდ სახე იცვალა? ტყუილად ხომ არ ამბობდნენ რომაელები - „Теmроrа mutantur et nos mutamur in illis“ - დრო იცვლება და მასთან ერთად ჩვენც ვიცვლებით“.

 

ყველაფერი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო, რომ არა პარალელური პროცესის დაწყება - ხელისუფლების კონცენტრაცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ვიწტო გარემოცვის ხელში. ეს პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას უცნაური დაღუპვის შემდეგ, რომელიც, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის პროტეჟე იყო.

 

როგორც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს მასმედია ფორმალურად თავისუფალი რჩებოდა, უკვე იყო ინტერნეტი, მაგრამ რადგანაც მოსახლეობა ძირითადად ინფორმაციას მაინც ჯერ ისევ ტელევიზიით იღებდა, მთავრობამ ორი-სამი ისეთი ტელეარხის კონტროლი დაიწყო, რომლებიც მაუწყებლობას ეროვნული მასშტაბით აწარმოებდნენ. ცენზურა არავის დაუწესებია, მაგრამ აღნიშნული ტელეახების მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები გახდნენ... შესაბამისად, კრიტიკული მასალები ეთერიდან გაქრა. ოპოზიცია ძალზე სუსტი იყო, არ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები სახელისუფლო ორგანოებში, „ნაციონალური“ მთავრობა ტოტალურად აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს - პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს...

 

მმართველ პარტიაშიც თითქმის ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი (და კიდევ ერთი-ორი პიროვნება) წყვეტდა: შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა რეალური ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელში იყო მოქცეული. მათ შეეძლოთ თავიანთი ძალა ყოველი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინათ, რადგან არ არსებობდა კონტროლის მექანიზმი, არ არსებობდა საპირწონის პრინციპი, რომ ხელისუფლების ბოროტად გამოყენება თავიდან ყოფილიყო აცილებული.

 

შეიძლება ბევრი ფაქტორი ჩამოვთვალოთ, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ფსიქიკური არამდგრადობასტან არის დაკავშირებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთზე შევჩერდები: მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი - დიდი უნარი იმისა, რომ ელექტორატის ყველაზე აქტიურ ნაწილთან კავშირის გაწყვეტოს. მისი ზედმეტად ხმამაღალი განცხადებები და ის, რომ მუდმივად ტრაბახობს თავისი წარმატებებით, ბევრს აღარ მოსწონს“, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

პუბლიკაციის დასასრულს ეჭვია გამოხატული, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია წარმატებას მიაღწევს, „თუმცა ხმების მესამედის აღება ნამდვილად შეუძლია“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წაკითხვა 969 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.