“ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა...” - ხათუნა ლაგაზიძე

“ის უნდობლობა, რომელიც საზოგადოებაში სამართალდამცავთა მიმართ გაჩნდა, კარგს არაფერს უქადის არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას.

მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს მისი დაცვა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ის იფიქრებს, თვითონ დაიცვას თავი, რაც უფრო დიდ ძალადობას წარმოშობს... როცა ხელისუფლება კარგავს საზოგადოების დამცველის ფუნქციას და, ამასთანავე, ქუჩასთან შეზრდასა და მის საარჩევნოდ აქტიურ გამოყენებას ცდილობს, საზოგადოების მომავლისთვის ჩნდება რეალური საფრთხე და ერთხელ ეს ყველაფერი საზოგადოებას ყელში ამოუვა და ძალიან ცუდად გაისვრის - მით უფრო, თუ განმტკიცდა აზრი, რომ ხელისუფლება არის კრიმინალთან აფილირებული და ქუჩასთან შეზრდილი,” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა...” / “აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან”.

 

“რაც ყველაზე ცუდია, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, გახდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება, რასაც ჩვენ გვიან შემოდგომასა და ზამთარში მივიღებთ. სავარაუდოდ, ამ დროს გახშირდება ქურდობისა თუ დაყაჩაღების შემთხვევები, რისი ნიშნები უკვე ჩანს. სამწუხაროდ, ეს აღვირახსნილი კრიმინალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად გამძაფრდება. ყველაზე დამღუპველი კი ის არის, რომ ამ დროს საზოგადოებას იმის განცდა კი არა აქვს, რომ კრიმინალთან დაპირისპირებისას ხელისუფლება მისი პარტნიორია, არამედ აქვს განცდა, რომ ხელისუფლება კრიმინალს ხელს აფარებს და მასთან შეზრდილია! ამის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ქუჩის გამოყენება, დღეს კი ისე გამოდის, რომ ხელისუფლება ქუჩის მოვალეა და ბევრ რამეში, თუ ხელშეწყობა არა, სულ ცოტა, თვალის დახუჭვა მაინც უწევს,” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“შაქარაშვილის საქმემ სწორედ ასეთი განცდა დამიტოვა. ისე ჩანს, თითქოს ე.წ. ქუჩის ავტორიტეტებს ასეთი პოზიცია აქვთ - არჩევნები სამ თვეშია და თუ ახლა ხელს არ დაგვაფარებთ, ქუჩის მხარდაჭერა ხელიდან გამოგეცლებათო. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთიც - მშობელს არა აქვს პარტიულობა, კრიმინალის გააქტიურება კი ისეთი ჭირია, რომელიც, შესაძლოა, ყველას შეეხოს, მათ შორის - “ქართული ოცნების” ამომრჩეველსაც. მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ იგრძნო, რომ ეს ხელისუფლება მისთვის, მისი მომავლისთვის საფრთხეა, საქმე იქამდე მივა, რომ “ქართული ოცნება” თვითონ გაუმზადებს ტრიუმფატორის ტახტს ვანო მერაბიშვილს... ხელისუფლება სახიფათო ზღვარზეა და სწორედ ამ ზღვარზე გადის თითოეული მოქალაქის შიშიც, რომ შეიძლება ჩვენს შვილებს სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ეს შიში მომავალი არჩევნების შედეგზე რომც ვერ აისახოს, არ არის გამორიცხული, მოგვიანებით დიდ აფეთქებად იქცეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“ხელისუფლების ტაქტიკა ამ 1%-იანი ბარიერის შემოღებით ემსახურებოდა ოპოზიციის დაქსაქსვას და ილუზიის გაჩენას, რომ ოპოზიციაში ყველა დამოუკიდებლად მოახერხებს შედეგის მიღწევას. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს ოპოზიცია ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული, რაც არასწორია. თუ “ოცნება” მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში, თანაც - აბსოლუტური ძალაუფლებით, ეს იქნება უმძიმესი გამოწვევა ქვეყნისთვის. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში კოალიციით მოსვლა კიდევ შეიძლება შემზღუდავ ბარიერად იქცეს მისი თავგასულობის აღსაკვეთად, თუმცა ისიც საკითხავია, ვის შეიყვანენ კოალიციაში? იმედი მაქვს, რომ მთლად ხარაკირის რეჟიმში არ გადავლენ და პრორუსულ ძალებთან არ გააფორმებენ კოალიციას. ეს მთლად დააქცევს ქვეყანას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“თუ ოპოზიციამ თავისი დაქსაქსულობით “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ერთპიროვნულად მოსვლის საშუალება მისცა, ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ “ოცნებისთვისაც”. მათ ექნებათ სრული დაუსჯელობის განცდა. კრიმინალი მთლიანად აიღებს ხელში მართვის სადავეებს და ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, შეეცდება ცივილიზებული ფასადის შენარჩუნებას, მაგრამ, ამასთანავე, ეყოლება ეს უზარმაზარი შავბნელი იარაღი კრიმინალის და ქუჩის სახით, რომელსაც, როცა დასჭირდება, ბიზნესს მიუქსევს დასაშინებლად ან ფულის შესაწერად, როცა დასჭირდება - მედიას და ამით ტერორის იარაღად აქცევს. ადრე თუ გვიან ეს მასაც მიუბრუნდება და სწორედ ამგვარი კრიმინალი მოუღებს ბოლოს, მაგრამ მანამდე ქვეყანა ძალიან დაზარალდება, ამიტომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც არის, რომ ეს პროცესები შეაჩეროს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ოპოზიციას, რომელსაც მიაჩნია დასავლეთის მხარდაჭერა უკვე ჯიბეში მაქვსო, როგორც ჩანს, “ოცნების” აქტიურობა გამოეპარა, რაც “ოცნებამ” გამოიყენა და აშშ-ში თავისი ლობისტები აამუშავა - დაინახა ხელისუფლებამ, რომ კონგრესმენთა ნაწილი, რომელიც მას აკრიტიკებდა, “ფრონტერას” ლობისტი იყო და მიხვდა, რომ მეტისმეტად ბრიყვული საქციელი იქნებოდა, რქებით მისწოლოდა კომპანიას, რომელიც რეალურად მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის. “ფრონტერა” არის კომპანია, რომელიც საქართველოში არსებულ ძალიან მწირ ნავთობისა და გაზის მარაგებზე მუშაობს თავისი აბსოლუტურად სხვა ინტერესების გამო. აბა, ანაკლიაზე რატომ არაფერი დათმო ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ეს მისთვის და რუსეთისთვის საკვანძო საკითხია... მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს დასავლეთთან დალაპარაკებას და დათმობას. ამ ვითარებაში ოპოზიციამ თუ დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგა, ძალიან მძიმედ იქნება საქართველოს საქმე”, - თვლის რესპონდენტი.

 

“რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კელი დეგნანის ვრცელი ინტერვიუ და ამერიკის ელჩიც კი წუხდა ოპოზიციის ინერტულობის გამო. ლამის პირდაპირ თქვა, ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში არაფერს აკეთებს და დროა, საარჩევნო კამპანია დაიწყონო. ასეთი რამ აქამდე არც ერთი ელჩისგან არ მომისმენია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გვრჩება ოპოზიციის საქციელზე ასეთი შთაბეჭდილება, აშშ-ის ელჩიც კი შეწუხდა ქართული ოპოზიციის უმოქმედობით. კიდევ ერთი, რაზეც ოპოზიციამ უნდა იზრუნოს, ის არის, რომ ამომრჩეველს წინასთან შედარებით ამ საარჩევნო ციკლის განსხვავება გააგებინოს. ეს დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. როგორც წესი, ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლების შეცვლას მესიის გამოჩენას უკავშირებს, დღეს კი ასეთი ლიდერი არ ჩანს და საზოგადოებაც ნიჰილისტურად არის განწყობილი, ფიქრობს­რა, რომ ეს წვრილ-წვრილი პარტიები ვერაფერს იზამენ და “ქართული ოცნება” მაინც გაიმარჯვებს. არადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია, საპარლამენტო მოდელი, გამორიცხავს მესიას”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“რაც შეეხება “ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებულ ბიზნესმენებს, მათი ნაწილი უკვე იყო დეპუტატი და, ალბათ, როგორც მაჟორიტარებს, რაღაც ექნებათ საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში გაკეთებული, მაგრამ მათი დასახელების ამოსავალი წერტილი არის არა იმდენად მათი გაკეთებული საქმეები, რამდენადაც მათი ფული, ეს კი ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში “ოცნება” ისევ ხმების ყიდვას გეგმავს. მათი მიდგომა ასეთია - რაღა საერთო ყულაბა გავფლანგოთ, აგერ არიან ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარ ფულს დახარჯავენ. ამასთანავე, ეს იმის სიმპტომიც არის, რომ “ოცნება” კვლავ პროფესიონალიზმს კი არა, მორჩილებას ეყრდნობა - ქართული ბიზნესი ხომ ხელისუფლებასთან გარიგებაზეა ორიენტირებული. მათი მოქმედების ფორმულა ასეთია - პარლამენტში ჩემი, როგორც მაჟორიტარის ხმები, ჯიბეში გიდევთ, მე კი ჯიბეში მიდევს ხშირად უკანონოდ მოგებული სახელმწიფო ტენდერები და სახელმწიფო ფული. აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან. მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში რამდენიმე გვარ-სახელია, რომელიც ამომრჩევლისთვის ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და ვინც საკუთარი იმიჯით გამარჯვებისთვის იბრძოლებს...”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

წაკითხვა 456 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.