კრიპტოვალუტური „ფარცა“, ანუ როგორ რჩება აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე

ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ («RFE//RL»)  რუსულენოვანი სამსახურის „რადიო სვობოდას“ («Радио Свобода») კავკასიურმა რედაქციამ „ეხო კავკაზა“-მ («Эхо Кавказа») გამოაქვეყნა აფხაზი ჟურნალისტის იზიდა ჭანიას სტატია სათაურით „კრიპტოვალუტური „ფარცა“, ანუ როგორ რჩება აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე“.

 მასში საუბარია იმ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში  ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა - „აფხაზურ კრიპტოვალუტურ ციებ-ცხელებაზე“, რომლის მაინინგი (მოპოვება-გამომუშავება) ე.წ. კრიპტოფერმებში ხდება. დღეისათვის აფხაზეთში 100-ზე მეტი კრიპტოფერმააა, მათი მუშაობისთვის კი ძალზე დიდი რაოდენობის ელექტრონერგია იხარჯება.

 

რატომ გახდა აფხაზეთი კრიპტოფერმების (ადგილი, სადაც მსხვილი კომპიუტერული გამომთვლელი მოწყობილობები, პროცესორებია განთავსებული) ელდორადო? იმიტომ, რომ აფხაზეთში ელექტროენერგია ძალიან იაფია - ერთი კილოვატსაათი 80 კაპიკი. კრიპტოფერმები ხშირად საცხოვრებელი კოპუსების ბინებშია მოწყობილი და მისი მფლობელები („მაინერები“) ამით თავს ირჩენენ. მაგრამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობაში ტერმინები „კრიპტოვალუტა“ და „მაინერი“ ისეთ სიძულვილს იწვევს, როგორიც, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში შეიმჩნეოდა „ფარც“-ისა და „ფარცოვშიკების“ მიმართ, ანუ იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც უცხოეთიდან არალეგალურად ჩამოტანილი დეფიციტური ტანსაცმლით ვაჭრობდნენ ან დასავლურ ვალუტას ყიდდნენ. სიძულვილს და ზიზრს (ან სულაც შურს) იწვევდა იმიტომ, რომ ისინი არღვევდნენ საბჭოთა სისტემის მთავარ სოციალურ პრინციპს - „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. მოსახლეობის უმრავლესობისათვის მსგავსი ტანსაცმელი და ვალუტა მიუწვდომელი იყო.

 

გასაგებია, რომ საზოგადოების მრისხანება უპირველესად მაინერებისკენაა მიმართული, მაგრამ ამის გარდა უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობა, რომელთა უმოქმედობას რესპუბლიკის სიბნელეში ჩაძირვა შეიძლება მოჰყვეს.

 

აფხაზეთი ელექტროენერგიას ერთადერთი წყაროდან - ენგურჰესიდან იღებს, თანაც ლიმიტირებულად. თავის დროზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების სემდეგ, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყოფოდა ქვოტით: 40% აფხაზეთს, 60% - საქართველოს. თავდაპირველად აფხაზეთი ვერ ითვისებდა კუთვნილ ელექტრონერგიას, მაგრამ წლების განმავლობაში მასზე მოთხოვნილება გაიზარდა, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ამაღლდა ცხოვრების დონე და ბოლოს, შეიქმნა კრიპტოფერმები. ასე ნელ-ნელა გაჩნდა ელექტრონერგიის დეფიციტი, რის გამოც აფხაზეთი მას პერიოდულად ყიდულობს რუსეთისაგან საბაზრო ფასით, მაგრამ მოსახლეობას 40 კაპიკად და კომერციულ ორგანიზაციებს 80 კაპიკად აძლევს.

 

ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა უზომოდ გამრავლებული კრიპტოფერმების წინააღმდეგ არაფერს აკეთებს. 2019 წელს მიღებული დადგენილებით, მათი საქმიანობა აიკრძალა, მაგრამ რად გინდა, კრიპტოფერმებისათვის აუცილებელი აპარატურისა და მოწყობილობების შემოტანა მაინც გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „კრიპტოფერმერებს“ და „მაინერებს“ მთავრობაში და პარლამენტში ლობისტები ჰყავთ, რომლებიც „მეწარმეთა უფლებებს იცავენ“.

 

მაგრამ არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ არის გარემოება, რისი მიზეზითაც აფხაზეთში შეიძლება მკვეთრი ენერგოდეფიციტი გაჩნდეს, რის შედეგები ძალიან ცუდი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, ასევე კრიპტოფერმერებისთვის. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ბოლოდან მოყოლებული, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე გენერატორები რუსულ „ინტერ რაო ეეს“-ს გადასცეს, ანუ თუ ენერგოდეფიციტი გაჩნდება, აფხაზები „მოჭკვიანდებიან“. თავის დროზე რუსულმა კომპანიამ მოლაპარაკება აფხაზეთის მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყვიტა, მაგრამ საკითხი მაინც არსებობს, განიხილება და აუცილებლობის შემთხვევაში მოლაპარაკების განახლება შეიძლება. მოკლედ, ამ პრობლემაზე დაფიქრებაა საჭირო“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/30750790.html

წაკითხვა 661 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.