ოკუპაციას შეწირული კიდევ 4 ადამიანი

“ოკუპაციის კიდევ 4 მსხვერპლი - გალიდან ზუგდიდში ენგურის მეშვეობით მალულად 2 კაცი და 2 ქალი გადმოდიოდა, რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი უკვე იპოვეს.

მეოთხეს კი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ეძებს. ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. დაახლოვებით 3 დღის წინ გალიდან ზუგდიდის მისამართით ცოლ-ქმარი, მათი რძალი, ბიძაშვილის ცოლი და მეზობელი მამაკაცი, რომელიც მათი გამყოლი იყო, დაიკარგნენ. ისინი ღამის განმავლობაში მდინარის გადმოვლას ცდილობდნენ, რა დროსაც 4-ივე მათგანი წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ წაიღოთ. მათ ოჯახთან კონტაქტი მდინარეში შესვლამდე ჰქონდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოქცეული და ოკუპაციას შეწირული კიდევ 4 ადამიანი - ენგურის გადმოკვეთისას 2 ქალი და 2 კაცი მდინარეში დაიხრჩვნენ.

 

“როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გალში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამიტომაც ეს 4 ადამიანი ზუგდიდში პროდუქტების და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიოდა. ერთი ადამიანი პენსიის ასაღებად მოდიოდა, მეორე კი ექიმთან სამკურნალოდ. ხოლო ცოლ-ქმარი ძმასთან ზუგდიდში მის მოსანახულობელად და სააღდგომოდ პროდუქტების საყიდლად. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ნიჩბიანი ნავი ჰქონდათ. გამყოლად მეზობელი ჰყვადათ, რომელიც გალის მცხოვრებლებს ეხმარება, რომ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. მეორე ვერსიით კი, რუსმა ჯარისკაცებმა მათი ენგურზე გადასვლა დააფიქსირეს და ძაღლებით დაედევნენ. გაქცეულები კი მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ. საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისშია და ექიმთან ვიზიტისთვის, საკვების თუ მედიკამენტების მარაგის შესავსებად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ე.წ. საზღვრის ფარულად გადმოკვეთა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საშინელი ამბავი მოხდა, 3 დღის წინ დაიკარგნენ. მათმა მეზობელმა, რომელიც გამყოლი იყო, სავარაუდოდ, ნიჩბიანი ნავით ენგურიდან ზუგდიდში მათი გადაყვანა სცადა. ერთი წელია ენგური ჩაკეტილია. ასევე, საქართველოში 5-დღიანი კარანტინი მოქმედებს და ისედაც გაუბედურებულ ხალხს კიდევ დამატებით პრობლემები გვექმნება. ამიტომ ცოლ-ქმარმა ზუგდიდში ძმის მონახულება და სააღდგომოდ საკვების ყიდვა გადაწყვიტა. მათთან ერთად იყო მათივე ნათესავი ქალი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის ბიძაშვილის ცოლია. მეოთხე კი მეზობელია, რომელსაც ისინი გადმოჰყავდა. მდინარეში ღამით შევიდნენ, რადგანაც საგუშაგოდან რუსებს არ დაენახათ. სავარაუდოდ, წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა. სამი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოირიყა. ერთს კი აფხაზები ეძებენ. მისცეს ახლა გარდაცვლილების ოჯახს ზუგდიდში საბუთის გარეშე გადასვლის უფლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

“მინდა ჟურნალისტებმა გალელების უმძიმესი ყოფა გააშუქოთ. აქ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ფაქტიურად ტყვედ ვართ აყვანილები. არ გვაქვს არც საკვები, არც მედიკამენტები და არც სამედიცინო დახმარება. ღმერთის ანაბარად ვართ მიტოვებულები. მავთულხლართებიდან საკვების და მედიკამენტების მოწვდას ნათესავები ადრე ახერხებდნენ, ახლა ამის საშუალებაც არ გვეძლევა. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რატომ არ ადარდებს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი ბედი? მერამდენე ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ვიღაცამ ყურადღება მოგვაქციოს. აღარ შეგვიძლია, 21-ე საუკუნეში საკუთარ მიწაზე დაპატიმრებულები ვართ და ჩვენი ქვეყნს ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რომ შეღავათი მაინც გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

მისივე თქმით, რუსები საბუთს ე.წ. საშვს ითხოვენ, რომლის ასაღებად სოხუმში უნდა წავიდნენ. საშვის აღების ღირებულება კი ქართულ ფულზე 45 ლარს შეადგენს, ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე სოხუმში ჩასვლისას ქართველებს შესაძლოა მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ეროვნებით ქართველია. ყველაფერ ამას კი ისიც ემატება, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ 5 დღე კარანტინში უნდა იყვნენ. არადა ე.წ. საშვი 10 დღიანია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“წარმოგიდგენიათ მაინც რა საფრთხეში იგდებს ხალხი თავს, როცა სოხუმში ე.წ. საშვის ასაღებად მიდის? ეს ასევე ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული... საბუთი 10 დღიანია, აქედან 5 დღე კარანტინში ანაკლიაში ყოფნა გვიწევს. არადა ზოგი სასწრაფო საქმეზე ზუგდიდში მიდის. მეორეც - როგორია შენს მტერთან მიხვიდე და შენსავე მიწაზე გადაადგილებისთვის საშვი სთხოვო? ამიტომაც იძულებულები ვართ ქართველებმა სიცოცხლის ფასად ენგური გადავიაროთ. საშვი გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა. დანარჩენებისას ვადა ჰქონდა გასული. იმასაც ამბობენ, რომ რუსებმა დაინახეს და ძაღლებით გამოედევნენ. მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ“, - დასძენს გალის მაცხოვრები “რეზონანსთან”.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.