აფხაზეთი გზაგასაყარზე: როგორ გაგრძელდება მოსკოვ-სოხუმის ურთიერთობა

რუსული გამოცემა „ევრაზია დღეს“ («Eurasia Daily») აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზეთი გზაგასაყარზე: როგორ გაგრძელდება მოსკოვ-სოხუმის ურთიერთობა?“, რომელშიც რუსეთისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ურთიერთობის პრობლემატიკაა განხილული - როგორც მისი აწმყო, ასევე პერსპექტივა (ავტორი - ნიკოლაი სოროკინი).

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 

„აფხაზეთი რუსეთთან ტურბულენტობის ზონაში შევიდა. ზოგადად, რუსეთთან სირთულეები დღეს არ დაწყებულა, მაგრამ ახლა უკვე პრობლემებზე ლაპარაკმა საჯარო ხასიათი მიიღო. რუსი ჟურნალისტებისა და რიგი ექსპერტების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური სფეროს მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მრავალმილიარდიანი ფინანსური ჩარიცხვების ფონზე, რესპუბლიკაში ისევ საშინელი ნგრევა და უმუშევრობა სუფევს, რასაც ყოველი ადამიანი ამჩნევს აფხაზეთში ჩასვლისას.

 

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს ცნებები - „აფხაზეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“ და აფხაზეთის სამართლებრივი სისტემა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულია? რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის ის მოქალაქე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვთქვათ, სოხუმშია დაბადებული, იქ ცხოვრობდა და მას აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია? რატომ ვერ ყიდულობს რუსეთის მოქალაქე აფხაზეთში უძრავ ქონებას? რატომ არ შეუძლია რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში ბიზნესი დამოუკიდებლად დაიწყოს, ე.წ. „აფხაზი პარტნიორის“ გარეშე? რატომ არ უბრუნებენ ქონებას რუსეთის მოქალაქეებს?

 

როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს აფხაზი პოლიტიკოსების მეგობრობის ფიცი-მტკიცი ოფიციალურ დონეზე და აფხაზურ სოციალურ ქსელებში მზარდი ანტირუსული განწყობა? ამ კითხვების ფონზე რუსეთის მოქალაქეები ფიქრობენ: „რატომ უნდა იყოს ჩვენს კისერზე აფხაზეთი, რატომ უნდა ვარჩენდეთ და ვინახავდეთ აფხაზებს?“.

 

საჭიროა ისიც გავარკვიოთ - რა სარგებლობას აძლევს რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. გავიხსენოთ, რომ სწორედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გამო გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის. (...)

 

დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს აღდგენილი თითქმის 15 წლის წინ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში და საზოგადოებრივ ფორუმებზე, საექსპერტო შეხვედრების დონეზეც. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილს სამხედრო დამნაშავედ აღიარებს, რუსეთი დათანხმდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ხოლო აფხაზეთში [და სამხრეთ ოსეთში] არსებული სამხედრო ბაზები სამშვიდობო ძალებად გარდაიქმნებიან - რუსეთს აქვს ამის გამოცდილება. მაგრამ მაშინ შემხვედრი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ქნას მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც მსგავსი ვარიანტის მიღება არ სურთ? და საერთოდ, რამდენად მრავალრიცხოვანია მოსახლეობის ასეთი ნაწილი? ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ აფხაზურ სოციალურ ქსელების ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ თუ დღეს ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, საეჭვოა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ერთიანი მიდგომა გამოხატოს.

 

აფხაზეთში სოციალურ და ეთნიკურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ვერ ვუარყოფთ და ვერ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ისეთ ძლიერ ფაქტორს, რომელიც სომხური მოსახლეობის არსებობაში გამოიხატება. სომხებს აფხაზეთში დიასპორას ვერ ვუწოდებთ იმდენად, რამდენადაც, არაოფიციალური მონაცემებით, ისინი რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფებიან. აფხაზეთში სომხები ფაქტიურად „სახელმწიფოს წარმომქმნელ ერს“ წარმოადგენენ. ოფიციალურ წყაროებში მორიდებით აღინიშნება, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში სომხები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან, აფხაზები კი პირველზეო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აფხაზეთის სომხები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ეკონომიკური, სოციალური და სანათესაო „ძაფებით“ კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ სომხებთან, უპირველესად კი მათთან, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ. მათი ერთობლივი ფინანსურ-ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენება არა მხოლოდ ბიზნეს-პროექტების რეალიზებისათვის, არამედ აფხაზი პოლიტიკოსების წამოყენება-დაწინაურებისათვის, მათი მხარდაჭერისათვის, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

 

სომხური ლობი გავლენას ახდენს აფხაზეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზეც რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებშიც. ეს სრული სიმართლეა. ასეთი გავლენა არსებობს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაშიც, მათ შორის პანდემიის დროს. გაგრა რუსეთთან მოსაზღვრე რაიონია, ფაქტიურად, სოჭის გაგრძელება, სადაც სომხები მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ სომხების წყალობით აქვს აფხაზეთს დიდი თუ მცირე, მაგრამ მაინც შიდა განვითარების ერთგვარი პოტენციალი.

 

საინტერესოა, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, სომხებისათვის კულტურული ავტონომიის სტატუსის მიცემა დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში ალერგიას იწვევს. გავიხსენოთ, როგორი უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ აფხაზებს ყარაბაღელი ლტოლვილი სომხების ჩასახლების წინადადებაზე: ჩამოვლენ და რაც დაგვრჩა, იმასაც წაგვართმევენო. არადა, იქნებ ამ მოდელში რაციონალური მარცვალი არის?

 

განა სწორია ის, რომ აფხაზეთში სომეხი ბავშვებისათვის მშობლიური ენის სახელმძღვანელოების დეფიციტი არსებობს? მართალია, სომხეთი აფხაზეთს არ აღიარებს, მაგრამ ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს, ხელისუფლება კი ამას ყურადღებას არ აქცევს.

 

მოკლედ, აფხაზეთი გზაგასაყარზე დგას. კარგი იქნება, თუ აფხაზები თვითონ აირჩევენ მათთვის ოპტიმალურ ვარიანტს სამომავლო განვითარებისათვის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ადრე თუ გვიან მაინც აღდგება: რუსეთისათვის მართლმადიდებელი საქართველო არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი“.

 

წყარო: https://eadaily.com/ru/news/2021/04/28/abhaziya-na-perepute-kak-dalshe-vystraivat-otnosheniya-s-suhumom

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

წაკითხვა 585 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.