ოკუპანტებმა ავტობანთან ახლოს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი დანაღმეს

“ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი კიდევ ერთი ბანერი დაამონტაჟეს. ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული და სხვა მსგავსი ბანერებისგან განსხვავებით, რუსულად გაკეთებულ აქვს წარწერა: “ყურადღება! სახიფათო მონაკვეთი!”

ეს ფაქტი ადგილობრივებს უჩენს ეჭვს, რომ ბანერი და მის გარშემო მდეგბარე მინდორი დანაღმულია. დავით ქაცარავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოკუპანტებმა აგვისტოდან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება აქტიურად დაიწყეს. მისი თქმით, ეს მინი ბანერი პირდაპირ ავტობანს უყურებს, ამიტომ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა რუსებმა ტერიტორია დანაღმეს. ქაცარავა იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლებამ ცხელი ხაზი მაინც გააქტიურა და გაარკვევს რას ნიშნავს წარწერა “სახიფათო მონაკვეთი” და რით შეიძლება ეს ადგილობრივ მოსახლეობას ემუქრებოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოკუპანტებმა ავტობანთან ახლოს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი დანაღმეს.

 

“ხურვალეთიდან რამდენიმე მეტრში ბანერი აღმოვაჩინეთ, სადაც რუსულად წერია - “ყურადღება სახიფათო მონაკვეთია”. ასეთი ტიპის ბანერი არსად არ შეგვხვედრია. მართალია, ე.წ. საზღვრის ამსახველ ბანერებს უკვე აგვისტოდან აყენებენ, მაგრამ მსგავსი წარწერით არა. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ტერიტორია დანაღმეს. აქ ჩვენს მოსახლეობას მინდორში ნახირი დაჰყავს და კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენებმა ცხელი ხაზი მაინც აამოქმედეს და გაიგებენ ეს გამაფრთხილებელი ბანერები რას ნიშნავს. ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერზე ნული რეაქცია აქვს. ეს ბანერი რომ არსებობს, ჩვენგან გაიგეს. ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და მათი შემწუხებელი კაციშვილი არ არის”, - ამბობს ქაცარავა. სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები “რეზონანსთან” ყვებიან, რომ ოკუპანტებმა 15 აგვისტოს ვალია ვანიშვილის სახლის გარშემო არსებული მავთულხლართები კიდევ უფრო აამაღლეს, რათა ქართველებმა დავით ვანიშვილის მეუღლეს დახმარება არ გაუწიონ. მას ადგილობრივები და მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრები პროდუქტებით ეხმარებოდნენ. ამის შემდეგ კი ბატონისაშვილების სახლთან გზა ჯერ მავთულხლართით გადაღობეს, შემდეგ კი იქვე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში აგვისტოს შუა რიცხვებში გამოჩნდნენ და იქ არსებული ღობეების შეკეთებას და ამაღლებას შეუდგნენ. პარალელურად ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამონტაჟეს. მათი გააქტიურება მალევე შევამჩნიეთ, მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? მავთულხლართებს კიდევ უფრო ამატებენ, რომ ზედ გადასვლა ან რამის მიწოდება არ შეგვეძლოს. ბატონისაშვილების ბაღი საერთოდ მიითვისეს და იქ ვერავინ შედის. დადიან და რასაც უნდათ და სადაც უნდათ იმას აკეთებენ. ახლა ამბობენ მინდორი დაუნაღმავთ და იქ საქონელი აღარ გარეკოთო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

 

“ავტობანის სიახლოვეს განთავსებული ახალი ბანერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს “სახიფათო მონაკვეთი”. უწყება ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს. “2008 წლიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 441 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.