პანკისის ხეობაში ჰესების საკითხზე სათემო კრება იმართება

სოფელ ჯოყოლოში სათემო კრება იმართება, რომელსაც პანკისის ხეობის მოსახლეობა ესწრება. სათემო კრების მთავარი განსახილველი საკითხი ხეობაში ჰესების მშენებლობაა. კრებაზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ადგილობრივების თქმით, ისინი არ დაუშევებ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არც აქციის მონაწილეების დაკავებას. მათივე პოზიციით, თუ პოლიცია ვინმეს დააკავებს, ისინი ჩავლენ სამმართველოში და თავადაც ჩაბარდებიან.

"შერჩევა როგორ უნდა იყოს, აზრზე არ ვარ. ამოდენა ხალხი, ერთმა თუ ისროლა ქვა, ამ ხეობის ნასროლია, გუნდური ნასროლია, მთელი პანკისი აგებს პასუხს და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ეს იყო პანკისის ხეობაზე, როგორც წყნარ კუთხეზე, სადამსჯელო ოპერაცია ჩატარებული ძალოვანი უწყების მხრიდან", — განაცხადა ადგილობრივმა ემზარ ტოხოსაშვილმა.

სოფელ დუისის მკვიდრმა, თამაზ ბაღაკაშვილმა სთხოვა მედიის წარმომადგენლებს, რომ დატოვონ სათემო კრება და თემის წევრებს ერთმანეთთან თავისუფლად საუბრის საშუალება მისცენ.

"დიალოგის მომხრეები ვართ, აბა ომი აქ ვის უნდა?!", — განაცხადა თამაზ ბაღაკაშვილმა.

დაპირისპირება პანკისი ხეობაში

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მდინარე ალაზანზე მშენებარე ჰესზე ტექნიკის შესვლა გააპროტესტეს, რასაც იქ მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.

ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობისა და ადგილორივების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცახდებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილას მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90%-ს არ ექნება ამის სურვილი.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაპირისპირების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საჭირო იყო ამ ინფორმაციის ადგილობრივებისთვის მიწოდება.

 
წაკითხვა 912 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 24 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.