ამ გვერდის ამობედვა

"ეს არის პოლიციური ტერორი, ისინი ყველას აშინებენ" - ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებენ

ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულები კლინიკიდან სახლებში გაწერეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზარალებულებს შორის არიან 13 წლის ბავშვი და ქალი. ინციდენტი გუშინ მოხდა.

თვითმხილველები ჩართულ კამერასთან საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში პირდაპირ აცხადებენ, რომ პატრულის თანამშრომლების ეშინიათ, რადგან მათი მხრიდან მოქალაქეები ფიზიკური ძალის გადამეტების მსხვერპლი არიან. მათი თქმით, დაპირისპირებაც პოლიციის მხრიდან ძალიან გადამეტებამგამოიწვია.

თვითმხილველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის უფროსი იყო მისული, რომელმაც პირობა დადო, რომ შეისწავლიან კამერების ჩანაწერებს და თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებას, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან.

დაზარალებულების ინფორმაციით, პოლიციელების წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის და ისინი სამართალდამცველების შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან.

„ცუდად ვიყავი და არ დავუკითხივარ. უნდოდათ, წავეყვანე, მაგრამ სასწრაფო მოვიდა. სხვას ვერაფერს გეტყვით,“ - აცხადებს დაზარალებული.

მათივე განცხადებით, პატრულის ეკიპაჟის წარმომადგენელები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ დაზარალებულების საშაურმეს და იქ სადილობენ. მოსახლეობის თქმით, სამართალდამცველები დაზარალებულებს კარგად იცნობენ.

"არაფერი ვიცი, აქ ვიყავი, მაგრამ არ გეტყვით. ბავშვი არ მინახავს. ახლა სკოლაშია. აქ მე უბრალოდ ვმუშაობ," - აცხადებს ადგილობრივი. 

ინციდენტის დეტალებზე მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.

„პოლიციელი მეუბნება, რომ ჩემზე საქმეა აღძრული დაუმორჩილებლობის გამო. შემდეგ გაირკვა, რომ სისხლის სამართლის კი არა, ადმინისტრაციული მუხლით არის აღძრული, მარტო ამაში არ არის საქმე. ჩვენთან პოლიცია არ არსებობს. ეს არის პოლიციური ტერორი. ისინი ყველას აშინებენ. რა უფლება აქვთ, მანქანიდან ხალხი ძალით გადმოიყვანონ ან იარაღი ბავშვს მიადონ შუბლზე,“ - განაცხადა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან", მელიქ რაისიანმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ მძღოლი გააჩერა. მისი დაჯარიმებისას კი რამდენიმე ადგილობრივმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობაც გაუწია. 

http://rustavi2.ge

წაკითხვა 771 ჯერ

სიახლეები