ამ გვერდის ამობედვა

გორში, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი განახლდა

საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა, - ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

 

„2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას. საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

წაკითხვა 638 ჯერ