ოკუპანტთა გეგმა - “გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე“

“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გატაცებებმა და დაკავებებმა უკვე გახშირებული ხასიათი მიიღო, რასაც ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია კორუფციულ სქემებს უკავშირებს, რასაც უშუალოდ რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ახორციელებენ.

იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს, ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოკუპანტთა გეგმა - “გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე“

 

"არსებული ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად დიპლომატიური კორპუსი უკვე თვეზე მეტია საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ცდილობენ, დღეს უკვე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. გორა ღარიბაშვილისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს. "ძალიან ბევრი შეცდომაა, რომელიც მეორე მხარეს არ აინტერესებს. ჩვენ კი უნდა მივიღოთ ზომები. რაც მეტი ადამიანი "დაარღვევს" ამ ე.წ. საზღვარს, მათთვის კარგია, აქ იკვეთება ერთგვარი კორუფციის ნიშნები. რუსეთის შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი ოსი სეპარატისტული დაჯგუფებები კორუფციულ გარიგებებს ახორციელებენ. მათ ერთგვარი გეგმაც კი გააჩნიათ, გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე." რამდენ ადამიანსაც დააკავებენ, სპეციალური აღრიცხვა აქვთ, რომლის მიხედვითაც აფიქსირებენ, თუ რამდენმა ადამიანმა ცნო მათი "საზღვარი.", - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ამიტომაც არის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ მათ აგრესია გააჩნიათ. ვაჟა გაფრინდაშვილმა მათ იმ პროცესის ლუსტრაცია ჩაუგდო, რასაც ადრე ჩვენები ყურადღებას არ აქცევდნენ და სხვებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტმა გამოაშკარავა ეს ყველაფერი. ისინი „შემოხაზავენ" ე.წ. საზღვარს, სადაც აწერენ რისი "გადაკვეთა" შეიძლება და რისი არა. ბანერებია ძალიან სტანდარტული. „უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები, გავაკეთოთ სპეციალური პოსტები, შევქმნათ მოქნილი ჯგუფები. შესაძლოა გავაკეთოთ ბუფერული ზონები, როგორც დონბასშია. უნდა მივიღოთ სამხედრო ტექნიკური ტიპის ზომები, რომ მათ არ მივცეთ საშუალება თავიანთი პოლიტიკური და კორუფციული ინტერესებით მიიღონ ასეთი "დარღვევები," - აცხადებს მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას. ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ოკუპანტები ერთგვარ ბორდერიზაციას ახდენენ. "ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მიწაა. ბუნებრივია ისინი ახდენენ უკანონო მითვისებას, ბორდერზაციას, ვერ გაარკვევ, სად არის ეს ე.წ. საზღვარი. ისეთი ტაქტიკაა არჩეული, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან ნოყიერი მიწებისკენ იწევენ, რომლებიც სოფლის მაცხოვრებელისათვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია. ესეც არ ხდება შემთხვევით, ასეთ ტერიტორიებზე ნადირობა და მითვისება. „ეს არის ფარული გავლენა და ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომ მოსახლეობაშიც გაჩნდეს ფიქრი, რომ ყველაფერი იმ „ტერიტორიაზეა," დღევანდელი ხელისუფლება კი ყურადღებას არ გვაქცევს და ჯობია ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქე" გავხდე. „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სადაზღვერო სტრუქტურებმა ძალიან კარგად იციან სიტუაცია, რა ხდება საქართველოში, მათ ომის დროსაც მიეწოდებოდათ საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია. ახლაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, სამწუხაროდ," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ცნობისათვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის „სასამართლო პროცესი" ცხინვალის რეგიონში 13 დეკემბერს გაიმართა და ის დე ფაქტო რეჟიმმა "პატიმრობაში" დატოვა. გაფრინდაშვილის შვილის თქმით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ექიმის ჩვენების არშეცვლა სახელდება, გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.შეგახსენებთ, ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა. ექიმის ოჯახი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც სურთ. ამასთან, კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც გაფრინდაშვილის მხარდაჭერა იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 572 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.