March 29, 2024

ახალგორი ქართველების გარეშე - "პროცესი მიდის ახალგორის დაცლისკენ, რომ იქ ქართველები საერთოდ არ დარჩნენ”

"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქართველ მოსახლეობაში მშობლიური ენა აქტიურად იდევნება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებს ჩამოართვა წამლები ქართული წარწერებით. ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალგორი ქართველების გარეშე - "პროცესი მიდის ახალგორის დაცლისკენ, რომ იქ ქართველები საერთოდ არ დარჩნენ"

 

"სააგენტო "რესმა" დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით 17 თებერვალს დაწერა, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს" თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს და ჩამოართვეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებულია სულ მცირე ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის - "კოლხური". აქვე უნდა ითქვას, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის, სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთანავე, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა", - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" დექართველიზაციის პროცესი მიდის და მისი ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის საკმაოდ არასასიამოვნო იქნება. თუმცა, ზაქარეიშვილი გამორიცხავს იმას, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება გადაწყვიტოს, რადგან არალეგალურ საქმიანობას ასეთ ვითარებაში უფრო მშვიდად გააგრძელებს. „რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის შეერთება რომ სდომოდა, აქამდე გააკეთებდა, თუმცა, დექართველიზაცია რომ მიდის, ფაქტია. პროცესს აშკარად ახალგორის დაცლისაკენ მივყავართ, რომ იქ ქართველები საერთოდ არ დარჩნენ. "აშკარა იყო, რომ მათ ჰქონდა იმედი სიტუაცია ქართულ-ოსური დიალოგისაკენ დაიძვრებოდა, თუმცა, უკვე ამდენი წელი გავიდა და ეს არ მოხდა. შემდეგი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დაცლა ქართული მოსახლეობისაგან, - პროცესის სწორედ აქეთ მიდის”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"დექართველიზაციის პროცესს (რუსები) არ დააჩქარებენ, ბუნებრივ პროცესში ჩაეწერებათ, რომ მათკენ ვერ მოხდეს თითის გაშვერა. რუსეთს ათასჯერ ურჩევნია ეს რეგიონები დისტანციურად მართოს. შავი ხვრელებივითაა, - სადაც არცერთი ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდება, იქ შეუძლია იარაღიც შეიტანოს. "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის შემადგენლობაში რომ იყოს, აუცილებლად გაკონტროლდება რა იარაღი და რაკეტები აქვთ, ვინ ცხოვრობს, რა საბანკო ურთიერთობებია და ა.შ. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. "სამხრეთ ოსეთიდან" დონბასში რუსული ფული გაედინება, ამას შემდეგ ვეღარ გააკეთებენ. ამიტომ, აწყობთ ასე, როდესაც ასეთი არალეგიტიმურია. რომ უნდოდეს მის შემდგენლობაში შეყვანა, ამას აქამდე გააკეთებდა. აფხაზეთისგან განსხვავებით "სამხრეთ ოსეთში" ძალიან იოლია ჩაატაროს ე.წ. უკანონო, ვითომდა რეფერენდუმი, როგორც ყირიმში ჩაატარეს. ამას არ აკეთებენ, რადგან ასეთი არალეგიტიმურობა და ჰაერში გამოკიდული ვითარება, მათ ახალ, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. მიერთებით, ჰომოგენური გახდება, ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, სადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. ახლა თავისუფალია, უამრავ შავბნელ საქმიანობას ახორციელებს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 604 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.