ახალი სომხურ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმში

"აფხაზეთის დემოგრაფიისა და რეპატრიაციის ე.წ. სამინისტრო აფხაზურ ოჯახებს მესამე და მომდევნო შვილის შეძენისათვის 100 ათას რუბლს (დაახლოებით 4 000 ლარი) გადაუხდის - ამის შესხებ ე.წ. მინისტრმა ბესლან დბარმა განაცხადა.

ეს გადაწყვეტილება არ ეხება აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ოჯახებს და ასეთმა მიდგომამ აფხაზეთის სომხურ დიასპორაში სერიოზული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი სომხურ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმში.

 

“მრავალშვილიანი აფხაზი ოჯახების დაფინანსების პროექტი, მიმდინარე წლის მარტში დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ პროგრამის “დემოგრაფიის განვითარება 2020”-ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად დემოგრაფიული განვითრების სტიმულირებას ისახავს. პროგრამა მხოლოდ აფხაზური ოჯახებისთვის ხორციელდება, რომლის გამოც დე ფაქტო რეპატრიაციის ფონდიდან 50 მილიონი რუსული რუბლი გამოიყო. აფხაზეთში მცხოვრები სომხები თავის უკმაყოფილებას ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოხატავენ: “ყველაზე საშინელი ისაა, რომ ეს უკვე აღარ მიკვირს...” “და რას იტყოდნენ რუსეთს რუსული პენსიები აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკურად რუსებისთვის რომ გადაეხადა?” “არადა ოდესღაც რა კარგი ქვეყანა იყო...” ბესლან დბარმა კი “სპუტნიკთან” საუბარში პირდაპირ განაცხადა, რომ “თანხის გაცემა ხორციელდება კონკრეტული სატიტულო ერისთვის მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისას”. კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვტილება ცალსახად დისკრიმინაციულია, რაც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს რა თქმა უნდა აშკარად დისკრიმინაციულია. გასაგებია მათი მოტივაცია, რომ აფხაზური პოპულაცია მცირდება,რაც პრობლემას უქმნით და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ალბათ გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ეს ნაბიჯი ლოგიკურად გასაგებია, მაგრამ თუ ისინი მართლა რაღაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობას აშენებენ და საკუთარ თავს სახელწიფოს ეძახიან, მაშინ ეს სრულად დისკრიმინაციულია და უთანასწორობის განცდას და საზოგადოების განხეთქილებას უწყობს ხელს. ეს მათი საზოგადოების შეკვრას შეუშლის ხელს. მათ ორი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი: ერთი - საზოგადოება შეკრან, რაც არ გამოდის და მეორე - აფხაზური პოპულაცია გადაარჩინონ. ესაა ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ხალხის არასწორი გადაწყვეტილება, ესაა ნაბიჯი არაფრისკენ, უშედეგობისკენ. ეს ჩვენთანაცაა. ამ დონეზე არა, მაგრამ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიას რაღაც უფლებები მიეცა და მუსლიმებს არ მიეცათ. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის დაცინვა და გაკრიტიკება ცოტა არ იყოს მეუხერხულება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 799 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.