„ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს" - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით.

 

„ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილას, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახანს განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ რეალურად, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს მათ გვერდში დგომას.

 

ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე, უფრო მეტად, საუბედუროდ ემსგავსება აბსურდის თეატრს. უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არიან ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით.

 

გვესმის ყოველდღე სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება. ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე და იმდენად აბსურდული განცხადებებიც კეთდება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს COVID-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს.

 

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კარანტინში, 150-მდე პირი იმყოფება. იცით თქვენ, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წაკითხვა 831 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.