March 29, 2024

“ჩვენ უკვე ვართ ომში” - თეონა აქუბარდია

“რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საშიშ ფაზაში შევიდა.

სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას. ამ მხრივ გამოვყოფდი საინფორმაციო ომს. ჩვენ ვხედავთ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის დიდ ტალღას როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე მის ოკუპირებულ ნაწილში. აქტიურ ფაზაშია შესული კრემლისა და მისი მარიონეტული რეჟიმების დეზინფორმაცია, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ლაბორატორიის ეფექტიანი მუშაობა განსაკუთრებით “კოვიდ 19”-თან ბრძოლაში რუსეთს ძალიან აღიზიანებს და გამალებით ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. ღამურების დაჭერისა და გაყიდვის ამბავი მთლად ფანტასტიკაა, თუმცა ამით ანტიამერიკული განწყობის გაძლიერებას, მთავრობის სანდოობის შესუსტებას და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაში როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს დემონიზებას ცდილობს”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თეონა აქუბარდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ჩვენ უკვე ვართ ომში“.

 

“კრემლის რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით აგრესიული გახდა. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ პუტინი მმართველობის ახალ ფაზაში შედის, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ბევრად აგრესიული იქნება - მეტად ეცდება დასავლეთთან ჩვენს დაპირისპირებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. სოხუმსა და ცხინვალთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე თავისი განცხადებით, კრემლი კიდევ ერთხელ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა აგვისტოს ომის დროს. ამაში იგულისხმება არსებული სამშვიდობო ფორმატები, სადაც საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად არის მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი. მას სურს ამ ფორმატების გვერდის ავლით გაიმართოს მოლაპარაკება, რაც წამგებიანი იქნება საქართველოსთვის. აუცილებელია რუსეთის ქმედებების გაანალიზება პოლიტიკურ დონეზე, სასურველია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში და საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვა, რისი დიდი მოლოდინი, სამწუხაროდ, არა მაქვს. ნახეთ, რა თქვა ბატონმა გიორგი ვოლსკიმ, ოკუპაციაც ის არის, რომ ან ფეხში გესვრიან, ან გაგვიტაცებენო...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეონა აქუბარდია

 

“კი ბატონო, არავინ ამბობს, რომ ომი გამოსავალია, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ხელისუფლების რეაგირება არ იძლევა შედეგს. ხშირად გვიანდება რეაგირება და საპასუხო განცხადებები, არა გვაქვს ამოქმედებული “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია”, იგვიანებს დასავლეთის მობილიზებაც სწრაფი რეაგირების მიზნით. ეს ყოველივე კი მეტყველებს, რომ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე არ გაგვაჩნია მკაფიო პოლიტიკა. ამასთან, ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს გააფერმკრთალოს მტრის ხატი და მის ნაცვლად მთავარ მოწინააღმდეგედ ჩვენი ოპოზიცია წარმოაჩინოს. ეს კი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მარტო “ქართული ოცნებისთვის”, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოკუპანტთან ბრძოლაში ერთიანობა გვჭირდება. პოლიტიკური პოლარიზაცია და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეუთანხმებლობა დიდი წინდაუხედაობაა და ამას აუცილებლად გამოიყენებს რუსეთი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ჰიბრიდული ომის დროს მოშლილია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, ანუ შეიარაღებული პირდაპირი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ყველა სხვა კომპონენტი სახეზეა. დღეს რუსეთს ჰყავს საოკუპაციო რეჟიმი თავისი უკანონო ინფრასტრუქტურით, განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას, იტაცებს და გვიკლავს ხალხს, გაჩაღებული აქვს საინფორმაციო ომი, აძლიერებს მეხუთე კოლონას და იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებსაც. შესაბამისად, მე არ ვიზიარებ “ქართული ოცნების” განცხადების პათოსს, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია. ჩვენ უკვე ვართ ომში. მართალია, რუსული რეგულარული არმია არ გვიტევს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სწორედაც ომია”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავთ?” - პასუხობს:

 

“არა, თუმცა დღეს არსებობს ბევრად იაფი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და შეცდომაა, როდესაც ამ პოლიტიკურ მიზნებს არ ვუპირისპირებთ ყველა რესურსს და არ ვაძლიერებთ ეროვნულ მედეგობას, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა. ამისთვის საჭიროა მწყობრი სტრატეგია, ეროვნული ერთობა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა”.

 

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მოშლაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა. მისი ექსპერიმენტების შედეგია ჯერ უშიშროების ორი საბჭო და შემდეგ ორივეს გაუქმება, ის დიდი შუალედიც, როცა არც ერთი არ არსებობდა. ახალი კი რას აკეთებს, არავინ იცის. საქართველოს 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია სტრატეგიული დოკუმენტები, რაც მიუთითებს, რომ “ოცნებისთვის” უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა მეორეხარისხოვანია. არადა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არათუ შეფასებული გვქონდეს საფრთხეები, არამედ გვქონდეს კონკრეტული სტრატეგიაც მათი თავიდან ასაცილებლად თუ შესამცირებლად. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, დიახ, მისი გაფართოების შემთხვევაში საქართველოს პირდაპირი საფრთხე ემუქრება... . მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ მოხდება კონფლიქტის მეტად ესკალაცია, თუმცა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საფრთხეების შეფასება, თუ განახლებული ეროვნული დონის სტრატეგია, რათა მწყობრი გეგმით შევძლოთ ამ რისკების შემცირება თუ თავიდან აცილება”, - დაასკვნის თეონა აქუბარდია.

წაკითხვა 594 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.