“აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან”

"27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 27 წელი შესრულდა.

“აფხაზურ სკოლებში ბავშვებს საქართველოსა და ქართველებზე მხოლოდ იმას ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკი არიან ქართველები. შედეგად, აფხაზეთში მოვიდა თაობა, რომელმაც ქართველებზე ან საერთოდ არაფერი იცის, ან - მხოლოდ ცუდი, - ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან” - ზაქარეიშვილი.

 

“27 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. დავიწყოთ იქიდან, რომ აფხაზები გაუცხოვდნენ საქართველოს და ქართველების მიმართ. მათ შორის უკვე იმდენად დიდი ბზარია, რომ სალაპარაკო ენას ვეღარ პოულობენ. ქართველები აფხაზებს ადამიანებად არ აღიქვამენ, მათი ინტერესებისა და სურვილების არ ესმით. თავის მხრივ, აფხაზები გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან რა სურთ ქართველებს, მათი ჩამოუყალიბებლობა აფრთხობთ, ამიტომ ურჩევნიათ ძლიერ რუსეთს მიეკედლონ. აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოსცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან. ახალმა თაობის წარმომადგენლებმა ან არ იციან ქართველებზე არც ცუდი და არც კარგი, ან თუ იციან - მხოლოდ ცუდი, რადგან მათ ამას სკოლაში ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკები არიან ქართველები. მათ არ უგემიათ ომი და ტყვიები, მაგრამ ისინი ნეგატიურად არიან განწყობილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“აფხაზეთში ძველი თაობის წარმომადგენლებს ქართველებზე ავი და კარგი ორივე მაინც ახსოვთ. ჩვენ, ქართველებს, ბევრ ლეგენდებს გვიყვებოდნენ მტრების სისასტიკეზე და მათ მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულებებზე. სწორედ ასეთ კონტექსტში უყვებიან აფხაზ ახალგაზრდებსაც საქართველოზე და ქართველებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობა რუსეთში აგრძელებს სწავლას, მიდიან რუსეთში, იქიდან კი რუსიფიცირებულ ჩინოვნიკებად ბრუნდებიან. საქართველოსადმი დაბალ ინტერესს მათ სკოლის ასაკშივე უნერგავენ, იმით, რომ ქართულ ენას თითქმის არ ასწავლიან, როგორც ვიცი, კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა ქართულ ენის შესწავლას”, - დასძენს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, რაშია გადარჩენის გზა, რითაც ქართველ-აფხაზთა ახალი თაობის წარმომადგენლები მაინც შეძლებენ ურთიერთობის აღდგენასა და მოგვარებას?” - პასუხობს:

 

“გადარჩენის გზა მხოლოდ იმაშია, რომ აფხაზებს უნდა დავანახოთ განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის, რითი ვართ რუსეთზე უკეთესები და რატომ. პირველ რიგში, ქართველებს აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიული ერთიანობისთვის არ უნდა სჭირდებოდეთ, აფხაზებს უნდა აღიქვამდნენ, როგორც საზოგადოებას, პიროვნებებს და უშუალოდ მათთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს”.

წაკითხვა 620 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.