რა სამხედრო ალიანსს ქმნიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა

“საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ შესაძლოა სამხედრო კავშირი შექმნან.

პოლონურ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ფაქტიურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამავე წყაროების ცნობით, ახალი სამხედრო ალიანსის შექმნა შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებასთან არის კავშირი. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის კავშირზე მიდის საუბარი და რა ვალდებულებებს აიღებენ ერთმანეთის წინაშე ახალი ალიანსის წევრები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სამხედრო ალიანსს ქმნიან.

 

“რუსი სამხედრო ექსპერტის ალექსეი ლეონკოვის თქმით, ასეთი ალიანსის შექმნა ნატოს მიერ შემუშავებული რუსეთის შეკავების გეგმის ნაწილია. მისივე შეფასებით, დასავლეთი საქართველოს მოლდოვას და უკრაინის სამხედრო კონტინგენტებს აძლიერებს, ნატოს კი შეუძლია, რომ ამ ქვეყნებს გარკვეული სახის იარაღიც მიაწოდოს, რათა გლობალური ომის შემთხვევაში გარკვეული მინიმალური სარგებელი მაინც მიიღოს. ექსპერტის თქმით, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას სამხედრო ალიანსის შექმნა მიზნად კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ისახავს - ასეთი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რეგიონში ტერიტორიული დავები შეიძლება ძალის გამოყენებით მოგვარდეს. მანამდე კიდევ ერთმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, რომ “რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოულოდნელი პროვოკაციების არ უნდა ეშინოდეს”, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოიგერიონ ნატო-ს შეტევა ნებისმიერი მიმართულებით. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისია “რეზონანსთან” ამბობს, ეს ახალი, რეგიონალური ალიანსის ტიპის გაერთიანება არ იქნება, რადგან მოლდოვას კონსტიტუციაში სამხედრო მიუმხრობლობის დათქმა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს იდეა არახალია, ეს სუამ-ის ფორმატის მსგავსია. მგონია, რომ ეს სამხედრო კავშირი ალბათ უფრო არაფორმალური იქნება, იმიტომ, რომ ეს ნატოს ეგიდით შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილების ფორმატში მოხდება, რადგანაც აქ რამდენიმე სერიოზული სამხედრო წვრთნაა დაგეგმილი. მაგალითად, უკრაინაში ამ წელს ნატოსა და აშშ-ის ფორმატში ექვსი სამხედრო წვრთნა ჩატარდება, ასევე საქართველოში. მოლდოვაში ალბათ უფრო ტაქტიკური წვრთნები იქნება. არაა გამორიცხული ქართულ-უკრაინულ-მოლდოვური ერთიანი სამხედრო ფორმირება შეიქმნას, რომელმაც შეიძლება ნატოს ეგიდით იმოქმედოს, მაგრამ ეს ალბათ უფრო შეეხება ისეთ ოპერაციებს, რომელიც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს არ უკავშირდება, ანუ ესაა კრიზისების მართვა, ჰუმანიტარული და სამშვიდობო ოპერაციები. არ მგონია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე საფრთხე რომ იყოს, მოლდოვის სამხედრო ძალები დაგვეხმარონ. მოლდოვის კონსტიტუციის მე-11 მუხლში წერია, რომ ის ფაქტიურად ნეიტრალური სახელმწიოფოა. არ მგონია, რომ ამ ფორმატში შექმნილი არაფორმალური კოალიცია-სამხედრო გაერთიანება ჩვენს დასახმარებლად წამოვიდეს, სანამ საქართვლო და უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება და მოლდოვა ამ კონსტიტუციურ დათქმას არ შეცვლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“სამხედრო ურთიერთდახმარების მომენტი მდგომარეობს იმაში, თუ სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს ამ ალიანსის არსს როგორ განსაზღვრავენ. თუ ეს ახალი რეგიონალური სამხედრო ალიანსია, როგორც აზერბაიჯანმა, თურქეთმა და პაკისტანმა გააფორმეს, და ჩაიდება, რომ თითოეულ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება, როგორც მათ ქვეყანაზე თავდასხმა, კი, ბატონო, ამ შემთხვევაში ურთიერთდახმარება მოხდება. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამ ფორმატში მოლდოვის სამხედრო ძალები ჩაერთონ იმიტომ, რომ მას ნეიტრალიტეტის დათქმა აქვს. ეს უფრო საქართველო-უკრაინას შორის შეიძლება, თუმცა, დღევანდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 547 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.