ამ გვერდის ამობედვა

ბოლო დღეებში ორი სამხედრო იპოვეს გარდაცვლილი - რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები

"ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით ორმა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვით მკვლელობებით დაასრულა.

რასთან გვაქვს საქმე რეალურად, თვითმკველობასთან, უბედურ შემთხვევასთან თუ მკვლელობასთან? სანამ ექსპერტიზის შედეგები არ გახდება ცნობილი და გამოძიება არ დასრულდება, რთულია კონკრეტულად რაიმეზე საუბარი. თუმცა გარდაცვლილების ოჯახებს თვითმკვლელობის ვერსიის ნაკლებად სჯერათ. 15 მაისს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძემ არასამსახურებრივ ვითარებაში, საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გარდაცვლილი საკუთარ ოთახში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბოლო დღეებში ორი სამხედრო იპოვეს გარდაცვლილი - რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები

„უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი), რომლითაც, სავარაუდოდ, ჯარისკაცმა თავი მოიკლა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. კიდევ ერთი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე კი 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე იპოვეს გარდაცვლილი. ამ შემთხვევაზეც საქმე აღძრულია იგივე მუხლით. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 მაისს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი 25 წლის ვლადიმერ მახათაძეა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. ვაზიანის ბაზაზე გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ვლადიმერ მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა, რაც მსახურობდა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის ოჯახში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ისინი გამოძიებას დაელოდებიან. მახათაძე 16 მაისს დაკრძალეს. სოფელში ჯარისკაცის თვითმკვლელობის არავის სჯერა. მათი აზრით ახალგაზრდას ამის მიზეზი არ ჰქონდა. ამავე დროს, სოფელ შუამთის რწმუნებული ნოე გობაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის ოჯახს კარგად იცნობს და მათი მხრიდან რაიმე ეჭვებზე საუბარი არ ყოფილა. გამგებელი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მისთვის გაუგებარია სოფელში ასეთი ინფორმაცია რის საფუძველზე გაჩნდა. „არ ვიცი, თქვენგან პირველად მესმის, რომ ეს ეჭვები არსებობს. გარდაცვლილის ბიძასაც ვიცნობ და მის ოჯახსაც, მსგავსი საუბარი, რომ სხვა რამეზე აქვთ ეჭვი, არ გამიგონია. გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ დადგინდება სიმართლე, რა მოხდა. არ ვიცი ვერ გეტყვით, მას ჰქონდა თუ არა სუიციდის მიზეზი, ეს მისმა ოჯახმაც არ იცის. მე მითუმეტეს წინასწარ რაც არ ვიცი იმაზე ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ნოე გობაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"გარდაცვლილის მეზობელი გენადი ნაფტვერიძე ამბობს, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ შედის გარდაცვლილი იარაღის საწყობში. ის საწყობში სამჯერ შევიდა და ეტყობა, რომ ნერვიულობს. ნეფტვერიძე აცხადებს, რომ მახათაძეს არც ბანკის ვალები და რაიმე სხვა ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, მითუმეტეს აზარტული თამაშით დაინტერესებული არასდროს ყოფილა. არ იყო კონფლიქტური და არასდროს ჰქონია სუიციდისკენ მიდრეკილება. მეზობელი ამბობს, რომ მას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული და იმის გამო რომ სამსახური ვერსად იშოვა, შარშან გადაწყვიტა საკონტრაქტო სამსახურზე წასულიყო. „ამბობენ, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ შედის სამჯერ იარაღის საწყობში, ამის შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს. სრულიად გამორიცხულია, რომ მას სუიციდის მიზეზი ჰქონოდა. საკმაოდ კარგი და განათლებული ახალგაზრდა იყო. ვერსად სამსახური ვერ იშოვა და შარშან გადაწყვიტა საკონტრაქტო სამსახურში წასულიყო. არც ბანკის ვალები ჰქონია და არც სხვა რაიმე ფინანსური პრობლემები. თამაში ხომ საერთოდ გამორიცხულია. ასეთ ახალგაზრდას მეორეს ვერსად ნახავდით. ყველა შოკშია, წარმოდგენა არავის აქვს, რა შეიძლება გამხადრიყო თვითმკვლელობის მიზეზი“, - აცახდებს გარდაცვლილის მეზობელი. თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო წლებში, სუიციდის მიზეზი ჯარში ხშირად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (გემბლინგი) და აქედან დაგროვილი ვალებია. ასევე დეპრესია, რომელიც ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის კავშირში. მაგალითად რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა წვევამდელმა თავი ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ შენობასთან მოიკლა. ამის შემდეგ, შეიარაღებული ძალების სამხედროებს აზარტული თამაშები საერთოდ აეკრძალათ. თუმცა სამხედროე ექსპერტები ჯარში ბოლო დროს ხელმძღვანელობის მხრიდან ხშირად ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ, რის დამალვის მცდელობაც თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ ჰქონია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოჯახების უნდობლობა სამინისტროს მიმართ იმით არის განპირობებული, რომ ჯარში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, ბოლო დროს მომხდარი არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის და მასზე რეალური ინფორმაცია არავის აქვს. „ახლა ჯარში სრული ბარდაკი და განუკითხაობაა. არ ხდება ჯარისკაცების არც ნორმალური კვება, არც ვარჯიში, ოფიცრები აღარ არიან თავისი ქცევით და დისციპლინით ჯარისკაცების მაგალითი. თავდაცვის სამინისტროდან გაყარეს კვალიფიციური კადრები. ავღანეთის, ერაყის და საქართველოს ომის მონაწილეები, ოფიცრები და გენერლები ქუჩაში გამოუშვეს“, - დასძენს გამოცემა.

"არაპროფესიონალიზმის პიკია. ხდება ჯარისკაცებზე ძალადობა, ფულის გამოძალვა და ათასი უბედურება, რომელსაც იზორია გამუდმებით მალავს. მესმის გარდაცვლილების ოჯახების უნდობლობის, მაგრამ რომ ვურჩიო პროკურატურას მიმართონ, რა აზრი აქვს? არც ეს უწყება არაფერს არ გამოიძიებს. ყველა ასეთ ფაქტზე სამხედრო პოლიცია საქმეს 115-ე თვითმკვლელობამდე მიყავნის მუხლით აღძრავს. აბა, მოიკითხეთ, რეალურად რომელიმე მსგავსი საქმე გამოძიებულა? "თავდაცვის სამინისტროს ჰგონია, რომ თუ ასეთ ფაქტებს დამალავს, ამით ჯარის იმიჯს გადაარჩენს. არადა პირიქით ხდება, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. ეს ჯარში დაუსჯელობის სინდრომს აჩენს და მსგავსი ფაქტები კვლავ მეორდება“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან“. შაშკინი ამბობს, რომ დღეს ჯარს მართავენ ადამიანები, რომლებსაც ავტორიტეტი არა აქვთ, კორუფციაში არიან ჩართულები და ქართული ჯარის სრულ დეგრადაციას ახორციელებენ. მისი თქმით, თუ ჯარში რამე დანაშაული ან პრობლემა ხდება, ბოლო პერიოდში მუდმივად იმით არიან დაკავებულები, რომ გარდაცვლილი ან ძალადობის მსხვერპლი ჯარისკაცების ოჯახები გააჩუმონ. მისი თქმით, ჯარის დისციპლინა დაუსჯელობის არარსებობაზე დგას. დანაშაულის დაფარვა და მიჩუმათება ჯარში დაპირისპირებას კიდევ უფრო აღვივებს, რაც წესრიგის სრულად მორღვევას იწვევს“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1083 ჯერ

სიახლეები