March 28, 2024

რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ

“თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია, აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება” - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახანგ მაისაია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. მისი თქმით, აშშ 12 000 ჯარისკაცს 8 600-მდე შეამცირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ.

 

 

“აშშ “თალიბანთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე. რომელიც რამდენჯერმე შეწყდა “თალიბანის” მხრიდან ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის გამო. გასულ კვირას დაწყებული მოლაპარაკებებიც ბაგრამის ბაზაზე მომხდარი თავდახსმის გამო შეფერხდა. მაისაია აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფი ქართული ჯარი ნატოს კონტინგეტზეა მიბმული და არა შეერთებული შტატების. “ამჯერად ამერიკელებს საკუთარი კონტინგენტი გაჰყავს, ეს არაა ნატოს კონტინგენტთან მიბმული. როგორც მოგეხსენებათ ნატომ ეს ოპერაცია დაიწყო არა მეხუთე მუხლის გათვალისწინებით, - მან ჯერ კიდევ 2000 იან წლებში შემოიღო ასეთი ტერმინი “არა მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება”, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ნატო საკუთარ კოალიციურ ძალებს კრიზისების მართვის ოპერაციებში იყენებს. ავღანეთში ნატოელები 2002 წელს გამოჩნდნენ, 2001 წელს კი ამერიკამ ავღანეთში თავისი ეროვნული შეიარაღებული ძალების ქმედებები დაიწყო, ჩვენ ფაქტობრივად მიბმულები ვართ არა ამერიკელების, არამედ ნატოს კონტინგენტზე, აქ საუბარია იმაზე, თუ ნატოს ჯარების ხელმძღვაბელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “ნატოს კონტინგენტი კი გარკვეულწილად აშშ-ს გადაწყვეტილებაზეა მიბმული”, - “აღნიშნავს გამოცემა.

 

 

„თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში 12-მდე ჯიჰადისტური გაერთიანება ძალიან გააქტიურდა, რომელთაგან “თალიბანი” ყველაზე მსხვილი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებაა, ამიტომაც ამერიკელები პირდაპირ მოლაპარაკებებს მათთან აწარმოებენ. სხვათა შორის, ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა იყო “თალიბების” მიერ განხორციელებული შეტევა, რათა გარკვეულწილად ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინათ მოლაპარაკებებზე. როგორც კი აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, როგორც ჩანს ტრამპს ეს იდეა აქვს, რომ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტი კიდევ შეამციროს და შესაძლოა სიტუაციამ ვიეტნამიზაციის პროცესის მიმართულება აიღოს, თუმცა ამერიკა რვაათასიანი კონტინგენტით 60-ათასიანი “თალიბანის” შეკავებას რამდენად შეძლებს, საკითხავია. თან ავღანეთის ეროვნული არმია ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

 

“ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ გაზაფხულზე სიტუაცია შესაძლოა გამძაფრდეს რადგან ამ დროს თალიბები მსხვილმასშტაბიან ოპერაციებს ატარებენ ხოლმე, ამას კიდევ ემატება ისიც, რომ გაზაფხულის პერიოდში უკვე მოსავლის აღება იწყება, კერძოდ ავღანურ ოპიუმზეა საუბარი, რომელიც მთავარი საექსპორტო მოსავალია. სხვათა შორის, ქართველთა ბლოკპოსტზე თავდასხმა ამ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ... ამერიკელებმა ავღანეთში თავიანთი მისია პრინციპში შეასრულეს, პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინეს, ასევე ალქაიდას დაჯგუფების ქსელების განადგურება მოახდინეს, ალქაიდას წინააღმდეგ “თალიბანიც” ილაშქრებს და ფაქტობრივად ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრებიც არიან. “თალიბანი” ასევე ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასაც ებრძვის, აქედან გამომდინარე ამერიკელებმა თავიანთი მისია გარკვეულწილად შეასრულეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 

“4 ათასამდე ჯარისკაცის გამოყვანა ეს სერიოზული პრობლემა იქნება, თან იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში ჯიჰადისტური გაერთიანებები გააქტიურებულები არიან და ყოველდღე ხდება ტერაქტები და ჰიბრიდული შეტევები. ჩვენი ხელისუფლების საქმეა ავღანეთიდან გამოიყვანს თუ არა ჩვენს ჯარებს, ალბათ ამერიკელებმა თუ 5 ათას ჯარისკაცამდე თუ კიდევ შეამცირეს, რისი ალბათობაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია, აქედან გამომდინარე შესაძლოა ჩვენი კონტინგენტიც შეამცირონ. არ გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონში ლავროვის ვიზიტი, ასევე დაკავშირებული ყოფილიყო ავღანეთის თემასთან იმიტომ, რომ ამერიკელები თუ გადიან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულწილად რუსულ და პაკისტანურ ინტერესებსაც ითვალისწინებენ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინელები სამხედრო ბაზას აშენებენ და შესაბამისად ამ ქვეყანაში ჩინეთსაც გააჩნია ინტერესები, ამავე დროს რუსეთსაც გააჩნია თავისი ინტერესები”, - ამბობს რესპონდენტი.

 

 

“ტრამპის იმპიჩმენტის ფონზე, რომელსაც დემოკრატები მხარს უჭერენ, ხოლო სენატი დაბლოკავს, უკვე სერიოზული წინაასაარჩევნო კამპანია წავა და როგორც ჩანს, ტრამპი ავღანეთს გამოიყენებს როგორც კოზირს. სხვათა შორის, ამ კონტინგენტის გამოყვანა ბარაკ ობამასაც უნდოდა, მხოლოდ ამ საკითხში ემთხვევიან ისინი ერთმანეთს... ჩვენი ქვეყნის მთავრობამ, ტრამპის ადმინისტრაციასთან უნდა მოილაპარაკოს რადგან თუ ამერიკელები გადიან, შესაბამისად, ნატოელებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ და ჩვენი კონტინგენტი ხომ არ დარჩება? აქ ფსიქოლოგიური მომენტია, იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ კონტინგენტი შეამცირა, დაჯგუფებები გააქტიურდებიან და საფრთხეები რა თქმა უნდა გაიზრდება. ამიტომაც ჩვენმა მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართოს იმისთვის, რომ გავიგოთ რა სურს ტრამპს”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 879 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.