თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში გრძელდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად პროექტიც განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ გორის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

„ამ პროექტს სიმბოლურად ჰქვია „ჩვენი ჯარი“ ანუ ჯარი არის თქვენი. იმისთვის, რომ ის თქვენად გაითავისოთ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქალაქ გორის #3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს.

მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. ამ კონტექსტში მან სამხედრო ბრიგადებში ჩატარებულ „ღია კარის დღეებზე“, საზაფხულო ბანაკებსა და საშუალო განათლების პროგრამაში თავდაცვის კომპონენტის დამოუკიდებელი საგნის სახით შეტანის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, პროექტი მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

„ვფიქრობთ, სამხედრო მოსამსახურეებთან მოზარდების უშუალო კონტაქტით შესაძლებელი იქნება პატრიოტიზმის განმტკიცება და ცნობიერების ამაღლება იმ საკითხზე, თუ რას აკეთებს ქართული ჯარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, სტრატეგიული კავშირების გასაძლიერებლად, იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა და მისი უსაფრთხოება ჰქვია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მოგვიანებით, ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.

პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. „ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლას ესტუმრნენ, ოქტომბერსა და ნოემბერში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სკოლას ესტუმრებიან. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ქვეყნის რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

წაკითხვა 368 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.