ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს

“აშშ-ის სახელწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ორდღიან ვიზიტს თბილისში, რომლისთვისაც საქართველო განსაკუთრებით ემზადება, ანალიტიკოსები დიდწილად რეგიონის ბოლო პერიოდის იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს უკავშირებენ, რომელიც ყარაბაღის ახალმა ომმა გამოიწვია.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ეს ვიზიტი იქნება აშშ-ის მხრიდან რეგიონში თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და სიგნალი სხვა მოთამაშეებისთვის. გია ხუხაშვილი კი არც იმას გამორიცხავს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსებაც იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს - პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი.

 

“17-18 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ფეისბუქზე” პომპეოს ვიზიტს რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევას უკავშირებს, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის მოულოდნელმა ფინიშმა გამოიწვია. “რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში? საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები”, - წერს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით - საქართველო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით. შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის. იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ...” - წერს ხუხაშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დაგვიანებული იყო, მაგრამ საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკისთვის უაღრესად საჭირო...”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ეს ვიზიტი დაგვიანებული, მაგრამ უაღრესად საჭიროა. დაგვიანებული იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიას დიდი ყურაღება არ ექცეოდა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო ინერციით მიდიოდა, ვიდრე ის, რომ ახალი ხედვები და ახალი პროექტები განხორციელებულიყო. ამ კუთხით რეგიონი აშშ-სგან განებივრებული დიდად არ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ძვრების შემდეგ მგონი სახელმწიფო დეპარტამენტშიც მიხვდნენ, რომ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და სიგნალი სხვა მოთამაშეებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის და თურქეთისთვის და დანარჩენბი მოთამაშეებისთვის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს და ძნელბედობის ჟამს არ მიატოვებს. ეს ვიზიტი ამ მხარდაჭერის გამოხატვაცაა იმიტომ, რომ საქართველოს თავი რაღაცნაირად იზოლირებულდ არ ეგრძნო იმ ცვლილებების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და რაც მთავარია, ამ ცვლილებებში მონაწილე ძირითადი აქტორები არადასავლური აქტორები არიან, დასავლეთი საერთოდ ჩართული არ იყო და ეს ვიზიტი შესაძლოა ამის კომპენსაციად ჩავთვალოთ. ეს ვიზიტი შიდაპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოვლენები რაღაცნაირად ინსტიტუციურ ჩარჩოში გადავიდეს და არჩევნებთან დაკავშირებით მოილაპარაკონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“აქამდეც რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, რადგან ბოლო წუთამდე შეერთებულ შტატებს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია, სულ ბოლო მომენტში გამოიკვეთა ის, რომ ლიდერები დაპატიჟა, მაგრამ დასავლეთი ფაქტიურად უუნარო აღმოჩნდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რაღაცნაირად ჩართულიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პომპეოს ვიზიტი ასე ვთქვათ, გედის ბოლო სიმღერასავითაა, იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაცია სავარაუდოდ ძალიან მალე, იანვრიდან შეიცვლება. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური მხარდაჭერაა და სტაბილიზაციის ხელშემწყობი, მაგრამ რეალურად ამ ვიზიტით საქართველოსთვის რა შეიცვლება, ეს უკვე ახალ ადმინისტრაციაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ ეს ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება და აქ იქნება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ მის გუნდში ვინ იმუშავებს, იქნება თუ არა ისეთი ხალხი, ვისაც შავიზღვისპირა რეგიონში მუშაობის გარკვეული გამოცდილება ექნება და ზოგადად, ბაიდენის ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონთან და ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცესთან რა აქცენტები ექნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საქართველო ახალი ამერიკული საგარეო დღის წესრიგში ჩაჯდეს და ამის შემდეგ ალბათ მეტ-ნაკლებად იმ ახალი ურთიერთობების კორნტურები ჩამოყალიბდება. ბაიდენის ადმინისტრაციისგან დიდი მოლოდინია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ევროკავშირში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ ბაიდენი საქართველოსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს კარგად იცნობს, საგარეო პოლიტიკა მისი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყურადღებას მიაქცევს, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. არაა გამორიცხული, რომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციას იმდენი რაღაც აქვს დასალაგებელი და შესაცვლელი, რომ ძნელი სათქმელია საქართველოსა და რეგიონისთვის როგორ მოიცლის. მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი აუცილებლად იქნება და წესით ჩვენმა რეგიონმა უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს”, - დაასკვნის კაკაჩია.

წაკითხვა 716 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.