"ეს არის შეთითხნილი პოლიტიკური პროცესი"- ნინო კლანდაძე გარეჯის საქმეზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ნინო კალანდაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დავით გარეჯის საქმე, რომლის ფარგლებში ხდება მისი გამოკითხვა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი.
„ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. ეს მართლაც სამართლებრივი პროცესი რომ იყოს, სასამართლო უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულების ორგანო, პროკურატურა სამართლის დამდგენი ორგანო. ეს რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს, ამ საქმეს ეყოლებოდა დამნაშავეები, ექნებოდა საფუძველი და ექნებოდა შედეგი. ეს არის შეთითხნილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეითითხნა წინასაარჩევნოდ, ამოიქექა განცხადებები და არის ე.წ. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვინმე ბერი კირიონის განცხადებებს ეფუძნება, ეს განცხადებები შეიცავს მითითებებს საჯარო განცხადებებზე, რომელიც მრავალი წლის წინ გაკეთდა და აქამდეც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ფაქტები რვა წელია, იცის და გაახსენდათ მაშინ, როცა კირიონს მიუთითეს, სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხზე შექმნილ კომისიასთან არანაირი შეხება არ ქონია და არასდროს კურირებდა ამ კომისიის საქმიანობას.
„სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც 2006 წლისაა, იმ დროს მე საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი, ის დავით გარეჯს არ ეხება და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს იყო ჩემი ყოველკვირეული ბრიფინგი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი სპიკერი და ეს არ იყო 2006-2007 წლებში, არამედ ეს იყო 2012 წელს, ივანიშვილის არჩევნების წინ. ბრიფინგის მიწურულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომელსაც გავეცი სპონტანური პასუხი, სადაც გარკვევით განვმარტე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოებს შორის, რათა მიმოსვლა აღდგეს, საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რომ გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის კლიშე, რომელიც მოიგონეს ივანიშვილის პიარშიკებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩამოიწერონ ის, რასაც ყოველდღიურად თვითონ აკეთებენ, ტერიტორიებს უთმობენ რუსეთს”,- განაცხადა კალანდაძემ.
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი