March 29, 2024

ქუთაისში, კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ საცავიდან ფულის და ოქროს ნივთების მოპარვის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გ.მ.-ს ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. ს.ჯ. კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი დაკავებულ იქნა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.

 

პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.

 

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.

 

გ.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ს.ჯ.-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 

ცნობისთვის, 22 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

 

ორგანიზაციის შენობაში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ. მათ სარდაფის ჭერი ამოჭრეს, რომელიც ბანკის იატაკია.

 

სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ თუმცა, იმის გამო, რომ კარი და ფანჯარა ხელუხლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნდნენ. 

წაკითხვა 482 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.