March 29, 2024

"შეიძლება მხოლოდ მეგობრული კავშირი ყოფილიყო... ეს არ ნიშნავს, რომ ტერაქტს გეგმავდნენ“, - არეშიძე პანკისში დაკავებულებზე

"სპეცოპერაციის შედეგად პანკისში 5 პირი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ.

გავრცელებული ცნობებით, მათგან ორი სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ისინი ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არიან და ამის თაობაზე კატეგორიული განცხადება სწორი არ იქნება, მაგრამ, მისი ინფორმაციით, მათგან სულ მცირე ორ პირს სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ჰქონდათ უერთიერთობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "შეიძლება მხოლოდ მეგობრული კავშირი ყოფილიყო... ეს არ ნიშნავს, რომ ტერაქტს გეგმავდნენ“, - არეშიძე პანკისში დაკავებულებზე

 

"პანკისში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს ტერორიზმთან არავითარ კავშირი არ აქვთ, თუმცა სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. „გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. „გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მამუკა არეშიძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან სულ მცირე ორს სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან. "ისინი ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არიან კავშირში და ამის თაობაზე კატეგორიული განცხადება სწორი არ იქნება. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულ მცირე ორ მათგანს კავშირი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც ერთ-ერთი ისლამისტური ორგანიზაციის წევრები არიან უცხოეთში. "ისლამისტური ორგანიზაციები, რომლებიც ახლა ძალიან აქტიურია, სულ სამია - "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და "თალიბანი". ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ „"ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. "საერთოდ, მუსლიმი ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება წლებია უკვე მიმდინარეობს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, არაერთი ქართულენოვანი საიტიც არის, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ისლამისტური ეწოდოს. ასე რომ, არ მიკვირს ახალგაზრდები ამ იდეოლოგიურ დამუშავებას რომ ექვემდებარებიან და ასეთ შედეგს ვიღებთ. "ის ბიჭები რომ მაინცდამაინც ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ, ან საერთაშორისო ტერორიზმში არიან ჩართული, ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ მეგობრული კავშირი - ასეთი რამ შეიძლება ყოფილიყო. "აქედან გამოდმინარე, პანკისელები როცა ამბობენ, რომ ეს ასე არაა, გულისხმობენ იმას, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ კონტაქტი აქვთ ან ახლობელთან, ან ნაცნობთან, ან ა.შ. ეს დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როდესაც აქ ჩატაევი იყო ჩამოსული და მასთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ჰქონდა რამდენიმე ადგილობრივს. ჩატაევი ვინ იყო, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ რა გეგმები ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, არცერთმა არ იცოდა. ამიტომ ეს მიგვანიშნებს, რომ კავშირები არის, მაგრამ ჩართულობა კიდევ გადასამოწმებელია," - განაცხადა არეშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 259 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.