რას პასუხობს Netflix ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს

BBC ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ წერს.

 

მედიასაშუალების ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix-მა შეგნებულად მოიტყუა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ ცინიკური და იაფფასიანი მიზნისთვის, რათა სერიალისთვის მეტი დრამატულობა შეეძინა. მედიის ცნობით, Netflix ეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიალის მთავარმა გმირმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც აქამდე არც ერთ ქალს არ მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს.

 

ამასთან, BBC-ის ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის, რა დროსაც მოვლენები ფინალური ეპიზოდისას ვითარდება, ნონა გაფრინდაშვილს 59 მამაკაც მოჭადრაკესთან (ერთდროულად 28 მათგანთან) ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის 10 იმ დროისთვის დიდოსტატის სტატუსს ატარებდა. გარდა ამისა სარჩელში აღნიშნულია, რომ იმის მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი არასოდეს დაპირისპირებია მამაკაც მოჭადრაკეს, ტყუილი, სექსიზმი და დამცირებაა.

 

როგორც BBC წერს, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და დღემდე იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში, Netflix 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან იმ განცხადების ამოღებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკესთან.

 

Netflix-ში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

 

„Netflix-ი დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

 

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს უკვე წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.

 

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს.

 

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული 60-მდე კაცთან.

წაკითხვა 357 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.