ამ გვერდის ამობედვა

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირის სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა. მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.

 

ნაცემი არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, დედა და ასევე თარჯიმანი. საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

 

„ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დეტალებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ჩემი ჩართვის მიზეზს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა მას ადვოკატი და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული. საქმის მასალები არ მიმიღია, დამატებით ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ლედი კორძაძემ.

 

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

წაკითხვა 414 ჯერ