ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს მამის თქმით, მისი შვილი პოლიტპატიმარია

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს მამა კახა ღლონტი აღნიშნავს, რომ მისი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და პოლიტპატიმარია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
 
კახა ღლონტის თქმით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა დაიწყო. დ.ღ-ს დაკავებით კი, ღლონტის თქმით, საზოგადოებრივი მუხტისა და სარალიძის რაღაც დროის განმავლობაში გაჩერება უნდოდათ.
 
"პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი.
 
საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.
 
ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.
 
ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას", - განმარტა კახა ღლონტმა.
 
დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
 
ასევე საქმის ძიება მიმდინარეობს ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ციხეში პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანთან გაკეთდა. 
წაკითხვა 825 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.