March 29, 2024

ბრძოლა ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის - კანდიდატები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები კომისიის წევრებთან შეხვედრებს მართავენ.

 

ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია შერჩევის ეტაპზე არათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიასთან შედარებით მათი არჩევის შესაძლებლობა დაბალია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თამარ ჟვანიასთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, რადგან ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ჩვენ ვერ ვართ თანაბარ პირობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თამარი არის მოქმედი თავმჯდომარე, აქ მხოლოდ ხმის მიცემაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ის ამ ადამიანებთან მუშაობდა წინა 5 წლის განმავლობაში და მათთან აქვს როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენთან შედარებით თამარი არის სწორედ საუკეთესო კანდიდატი,“ - ამბობს ბოჟაძე.

არათანაბარ პირობებზე საუბრობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგიაც. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ცესკო-ს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო თავმჯდომარეს თავად წევრები.

„არ არის სწორი როდესაც ცესკოს წევრს ირჩევს პარლამენტი , ხოლო ცესკოს თავმჯდომარეს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს,  ირჩევს ის 12 წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ამიტომ ცოტა არათანაბარი პირობები არის სხვა კანდიდატებს და მოქმედ თავმჯდომარეს შორის, რომელიც თვითონ აძლევს ხმას თავის თავს“, - ამბობს შელეგია.

ცესკოში ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება და კომისიის 12 წევრი აირჩევს თავმჯდომარეს. ხმების 2/3 ანუ 8 ხმა არის საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.

rustavi2.ge

წაკითხვა 701 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.