"გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა"
გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ ნეგატიურ გადაწყვეტილებებზე, ასევე ჟურნალისტებზე ძალადობასა და ორგანიზატორების დაუსჯელობაზე. მისივე თქმით, ანგარიშში მოხვდა ასევე, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენების საკითხი, რომელმაც მისივე შეფასებით, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბი მიიღო.
„ჩვენი საერთო შეფასებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს არსებითად ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, პირიქით - მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს.
შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციის, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას.
ასევე პარლამენტის წევრებს შევახსენებ, გასულ წელს არჩევნების წინ სახალხო დამცველმა რა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოყო, რამაც საფრთხე შეუქმნა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ვისაუბრებთ კოვიდზე და მისგან გამოწვეულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მძიმედ აისახა მოწყვლადი ჯგუფების - ქალების, ბავშვების, ხანდაზმულების, უსახლკაროების მდგომარეობაზე. შევეხებით პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას და კვლავ ვისაუბრებთ არაფორმალურ გავლენებზე, ჯანდაცვის სერვისების არადროულ მიწოდებაზე, ასევე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ნაკლოვანებებზე, როცა ხშირად გაურკვეველია, რატომ ხდება კონკრეტული პირების მიმართ ამ მექანიზმის გამოყენება, როცა ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი სხვა პატიმრების მიმართ არ ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ანგარიშში საუბარი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე, კარტოგრაფების საქმეზე, რომელიც მისივე თქმით, სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა, ასევე, ამავე ანგარიშში საუბარია „თიბისი ბანკის“ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი