"გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს, მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა "
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, ის მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულ სასამართლო პროცესს დღეს დაესწრება.
როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გოგაშვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობს და ოჯახიც ეწინააღმდეგება სასამართლოში მის მისვლას, ის სხდომაზე მაინც გამოცხადდება.
გოგაშვილი უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარსაც გამოთქვამს.
„ვუსამძიმრებ საქართველოს „რაშისტებთან“ 30-წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას.
ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ.
7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.
ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინა საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად, წინასწარ დაწერილი განაჩენისა.
ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, „ჩამდები“ და გამყალბებელი „ოცნებაში“ გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“, - აცხადებს გოგაშვილი.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"